თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესების დარღვევაზე ისაუბრა და გასული 2 დღის სტატისტიკა წარმოადგინა. მისი განმარტებით, 8 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება აღდგა, სატრანსპორტო საშუალებაში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა 524 მგზავრი, თუმცა, თბილისის მერიის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 3790 მგზავრი გააფრთხილეს პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის. როგორც მერმა აღნიშნა, მათ პირბადე ცხვირზე ჰქონდათ ჩამოწეული.
გარდა ამისა, ამ ორი დღის განმავლობაში იყო შემთხვევა, როდესაც ავტობუსი არ დაიძრა, რადგან მგზავრია არ ემორჩილებოდა მოთხოვნას და არ იკეთებდა პირბადეს. გარდა ამისა, კალაძის თქმით, ერთ შემთხვევაში პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს ამ საკითხის მოგვარებაში ეხმარება. პირველ ყოვლისა, თვითონ მგზავრები ითხოვენ პირბადის გაკეთებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე ცდილობენ. ჩემი თხოვნა იქნება, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მოთხოვნები”, – განაცხადა კახა კალაძემ.