კახა კალაძე დედაენისა და 9 მარტის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)
დედაქალაქის მერი დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, რომელიც მალე დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად დაათვალიერა.
„დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, არაჩვეულებრივი სივრცეები შეიქმნა. დაირგო ხე-მცენარეები, ბავშვებისთვის განთავსდა ატრაქციონები, ასევე, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, ძალიან დიდი სკეიტ პარკი, თავისი ღამის განათებებით, შეიქმნა საპიკნიკე სივრცეები. ეს ორი ბაღი, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა, ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ საპარკე კულტურა შემოდის ჩვენს ქალაქში. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, გარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, თარგების კორექცია, დაზიანებული საფარის აღდგენა და კეთილმოწყობა. მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოწყობილია სანიაღვრე ქსელი და დაგებულია გზის ახალი საფარი. დასრულებულია მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოებიც, ასევე, მოწყობილია მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მხატვრული მინათება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოეწყო საზოგადოებრივი ტუალეტები, სავაჭრო სივრცეები, სარწყავი სისტემა, სანიაღვრე ქსელი, გარე განათების ქსელი, ელექტროსადენების ქსელი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ძაღლების სასეირნო მოედანი, შედგენილი დეკის ტერასა; დამონტაჟდა პარკის ინვენტარი; გაისხლა ხეები, დაირგო ნერგები და მოეწყო გაზონები.
მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდი და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონის გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები.