ამირან გამყრელიძე: ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა ტესტირებით დგინდება, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა ტესტირებით დგინდება, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, ეს თვითდამშვიდების უფლებას არ იძლევა.
„ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში სერიოზულად დაიკლო. ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით, 17 ათასი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. ბაზრის 13 600 მოვაჭრეა გატესტილი და – 0,4%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რელიგიის მსახური 8200-ია გატესტილი და 1,1%. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებელი. ანუ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, სამ დიდ ქალაქში ორშაბათიდან სკოლები გაიხსნას, ეს რამდენიმე ინდიკატორი ამის საშუალებას გვაძლევს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მე-5 კლასამდე ეს იყოს მშობლის არჩევანის მიხედვით.
მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და სტაბილიზირდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას. ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! – კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, არის, მაგრამ ის სრულად დღეს ქვეყანაში მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.