ამირან გამყრელიძე: თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისის თვისთვის კორონავირუსის დღიური შემთხვევების ოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალებაა.
„არ უნდა მოვდუნდეთ იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებთან მიმართებით, რაც არის. ორი დღის წინ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა მონაცემები განაახლა და ჩვენ ისევ ვრჩებით პირბადის ტარების მაჩვენებლით 72%-ზე. ეს კარგია, 45%-დან ავედით 72%-ზე. იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30. ეს არის მარტივი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს. პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება და ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.