იუსტიციის სახლი უწყებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა
“მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს დისტანცია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, იუსტიციის სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე შეკრებილნი არიან რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერები, რომლებიც არ იცავენ დისტანციას და, რიგ შემთხვევებში, ან საერთოდ არ უკეთიათ, ან არასწორად უკეთიათ პირბადე”, – ამის შესახებ იუსტიციის სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც აღინიშნება, იმის გამო, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, იუსტიციის სახლი იძულებულია, მომხმარებელი ალტერნატიული, უკანა გასასვლელით გაიყვანოს მომსახურების სივრციდან.
“გვსურს, განვმარტოთ, რომ იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისი იუსტიციის სახლის შენობაში არ მდებარეობს. ამგვარად, აქციის მონაწილეთა იუსტიციის სახლის წინ ყოფნა და სერვისის გაცემისას მოქალაქეებისათვის დისკომფორტის შექმნა უსაფუძვლოა”, – ნათქვამია განცხადებაში.