გლდანში, თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. თეიმურაზ ბოჭორიშვილის I ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (გლდანის „ა” მ/რ შეშელიძის ქ. N126 მიმდებარედ) სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და ასევე, დაირგვება ხეები.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 316 573 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ანელო” ახორციელებს.
„როგორც იცით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. გასულ წელს გამგეობამ ამ მისამართზე გზის საფარის კაპიტალური მოწესრიგება დაასრულა, წელს კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო “, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა.
გამგებელმა მოსახლეობას სკვერის პროექტი გააცნო და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.