კახა კალაძე: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების მეტი რაოდენობა დაფინანსდება
“მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების მეტი რაოდენობა დაფინანსდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და ნაკლები ქულა აქვთ.
„ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. 2015 წლიდან აქამდე ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულა ან ნაკლები იყო. ჩვენი ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება საშუალება, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრულად – 1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ სარეიტინგო ქულაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ასევე, ორმაგდება იმ მაგისტრანტების რაოდენობა, რომლებიც სემესტრულ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.
„ამჟამად, ფინანსდება 300 მაგისტრანტი. ცვლილების შემდეგ, 600-ზე მეტი მაგისტრანტი დაფინანსდება. იმ სტუდენტებს, ვისაც 100%-ით დაფინანსებული აქვს სწავლა, ფინანსური წახალისება ჩაერიცხებათ პირად ანგარიშებზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ამიერიდან, სტუდენტის ფინანსური წახალისება სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში არ დაიბეგრება.