თენგიზ ცერცვაძე: კოვიდგადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ ან რჩებათ კოვიდის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები
“კოვიდგადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ ან რჩებათ კოვიდის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, პოსტკოვიდური პაციენტი საქართველოშიც ძალიან ბევრია.
„დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშაა და, მათ შორის, საქართველოში, რომ კოვიდგადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ ან რჩებათ კოვიდის დამთავრების შემდეგ მთელი რიგი სიმპტომები, ზოგ შემთხვევაში იოლი, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული და ეს სიმპტომები რაიმე ერთი ორგანოს მხრივ არაა, არამედ ძალიან მრავალფეროვანია. თუ ეს სიმპტომები კოვიდგადატანილ პაციენტს ეწყება და კოვიდის გადატანისთანავე უვითარდება, მაშინ მას „გახანგრძლივებულ კოვიდს” ვეძახით, ხოლო თუ პაციენტი კოვიდის გადატანის შემდეგ ერთი-ორი თვე თავს აბსოლუტურად კარგად გრძნობს და ერთი-ორი თვის შემდეგ ეს სიმპტომები უვითარდება, მაშინ მას „პოსტკოვიდური” სიმპტომი ჰქვია.
ძალიან მნიშვნელოვანია ორი ინგლისური კვლევა, რომელიც ბოლო 10 დღეში გამოქვეყნდა. პირველი კვლევა ინგლისის მთავრობის შეკვეთილი იყო და ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული. 47 000 კოვიდგადატანილი ადამიანის ისტორია შეისწავლეს და ნახეს, რომ კოვიდის გადატანიდან 140 დღის მანძილზე 29.3% სხვადასხვა ჩივილით შებრუნდა ჰოსპიტალში და ამათგან 12.4% გარდაიცვალა. ანუ ყოველი მერვე-მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა და ყოველი მესამე ჰოსპიტალში შებრუნდა.
საქართველოშიც ძალიან ბევრია პოსტკოვიდური პაციენტი, მაგრამ ის, რომ მათგან ყოველი მერვე ან მეცხრე გარდაიცვალა, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან იმ მრავალრიცხოვანი პაციენტებიდან, ვინც ანალოგიური ჩივილებით მოგვმართავს, ჯერ გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენთან სპეციალური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.
მეორე, „ოქსფორდის“კვლევა უფრო დიდია, დაახლოებით, 247 000 ადამიანია გამოკვლეული და სწავლობდნენ, კოვიდის გადატანის შემდეგ პირველი ექვსი თვე რამდენს გამოუვლინდა ნერვოლოგიური გართულებები. აღმოჩნდა, რომ 33%-ს განუვითარდა სხვადასხვა, ნერვოლოგიური დაავადება”, – განაცხადა ცერცვაძემ.