საფრანგეთში ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკი ორად გაიყო

,,კოვიდ 19-ის“ წინააღმდეგ ევროპაში გატარებულ ღონისძიებებზე, “ფაიზერის” წარმოებულ ვაქცინასა და ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც უკვე დაწყებულია საფრანგეთში, ევროპელი მოქალაქეების განწყობასა და მეცნიერთა არგუმენტებზე, ,,კვირა”  საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს, გიორგი ფოფხაძეს ესაუბრა:

-საფრანგეთმა დაიწყო კომპანია ,,ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება.  ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად,  სახელმწიფოს ხომ არ შეუმსუბუქებია დაწესებული შეზღუდვები?

-საფრანგეთში მოქალაქეთა ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 15-დან 23 000-ის ფარგლებში მერყეობს. ჯერჯერობით ფრანგი მედიკოსები ვერაფრით ახერხებენ ინფიცირებულთა რიცხვის შემცირებას, თუმცა, გარდაცვალების შემთხვევათა მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. 65-მილიონიან საფრანგეთში 100-150 პაციენტის დღეღამური გარდაცვალება ფიქსირდება. გარდაცვლილები 60 და მეტი წლის ადამიანები არიან, თუმცა ევროპისთვის, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს საკუთარ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, ეს მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია. საფრანგეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა 75-დან 85 წლამდე მერყეობს, ფრანგებისთვის თითოეული მოქალაქის გარდაცვალება დიდ ტრაგედიად აღიქმება. ამიტომაც, რეგულაციები საფრანგეთში უფრო მკაცრია, ვიდრე დანიაშ, ჰოლანდიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

-თუ საფრანგეთში საკმაოდ მკარცი შეზღუდვებია, რატომ ვერ გაუმჯობესდა ინფიცირების მაჩვენებელი?

-ამ წუთებში პარიზში მიმდინარეობს მთავრობის სხდომა, რომელზეც მინისტრები და მეცნიერები ბჭობენ, რატომ არ შემცირდა კიდევ უფრო მეტად ინფიცირებულთა რაოდენობა. კიდევ რა დამატებითი ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს. საფრანგეთში 6 საათის შემდეგ კომენდანტის საათი ცხადდება. ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა, საქალაქო ტრანსპორტისა და მეტრო გასამმაგებულად მუშაობს. თუ აქამდე ყოველ 5 წუთში ერთხელ მოდიოდა ავტობუსი და მეტროს ვაგონები, ახლა ისინი 3 წუთში ერთხელ მოდიან. დაკეტილია რესტორნები, ისინი ძირითადად საკვების გატანაზე მუშაობენ და ცდილობენ არ დაკარგონ თავიანთი თანამშრომლები.

-როგორ ახერხებს ბიზნესი თანამშრომელთა შენარჩუნებას?

-თბილისში არსებობს მიტანის რამდენიმე სერვისი, როგორებიც არიან: ,,გლოვო“, ვოლტი“ და სხვა. საფრანგეთში დღეისათვის ასეთი სერვისები არ არსებობს, რესტორნები თავიანთი თანამშრომლების მეშვეობით ახდენენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას და დამკვეთთათვის სახლში მიტანას. ასე ასაქმებენ ფუნქციადაკარგულ თანამშრომლებს.

-რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს?

-სკოლები საფრანგეთში არ დახურულა, თუმცა უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურად აგრძელებენ სასწავლო პროცესს. ქვეყანაში მიმდინარეობს დიდი დისკუსია იმის შესახებ, როგორი რეჟიმით უნდა გააგრძელონ სტუდენტებმა სწავლა. ერთი კვირის წინ სტუდენტებმა დიდი მანიფესტაცია მოაწყვეს ქალაქების ქუჩებში და მოითხოვეს   აუდიტორიებში  ლექციებზე დასწრების უფლება.

-რაც შეეხება ბიზნეს ობიექტებს, რომელ მათგანს შეეხო განსაკუთრებული აკრძალვა?

-ბიზნესი მუშაობს, თითქმის არც ერთი ბიზნესობიექტი არ გაჩერებულა. მართალია კომენდანტის საათი 18 საათზე იწყება, მაგრამ თუ მუშაობას 19 საათზე ასრულებ და სახლში მიდიხარ კომენდანტის საათის ნდაწყების შემდეგ, სამსახური გაძლევს ცნობას და პოლიცია აღარ გაჯარიმებს. საქალაქი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში, ღამის 12 საათამდე მუშაობს. რაც შეეხება სახელმწიფო სამსახურებს-სამინისტროებს, პარლამენტს- ისინი, ძრითადად, დისტანციური რეჟიმით მუშაობენ. ევროპარლამენტში კომიტეტებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებს აქვთ პარლამენტში შესვლის უფლება, სამსახურში დადიან მხოლოდ ევროკომისრები, დანარჩენი თანამშრომლები დისტანციურად მუშაობენ.

-მათ, ვინც პანდემიის პირობებში სამსახური მაინც დაკარგა, როგორ ეხმარება სახელმწიფო?

-საფრანგეთის მთავრობა ეხმარება ყველა სამსახურდაკარგულ მოქალაქეს. ახლაც გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ შემოსავალდაკარგულმა მოქალაქეებმა 20 იანვრიდან 15 თებერვლამდე სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ და მიიღონ კომპენსაცია. ყოველ თვეში სახელმწიფო ითვლის იმ დანაკარგს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესმა განიცადა და შესაბამისი ოდენობის კომპენსაციას უწევს შემოსავალდაკარგულ მოქალაქეებს. ფრანგ პენსიონერებზეც განსაკუთრებით იზრუნა  სახელმწიფომ და მათ  150 ევრო დაუმატა. ასეთივე თანხა დაემატა სოციალურად დაუცველთა დახმარების პაკეტს.

-ხელოვნებისა და კულტურის დაწესებულებები, თეატრები, მუზეუმები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები რას გეგმავენ?

-ჯერჯერობით ყველა თეატრი და კინო, მუზეუმი და გალერეა დაკეტილია, თუმცა კერძო თეატრებისა და საბალეტო დასების თანამშრომლებიც ინარჩუნებენ კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასებს.

-საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ვაქცინაცია. საზოგადოება ცალსახად დადებითად შეხვდა ამ პროცესს?

-საზოგადოებაში იყო აზრთა სხვაობა. ვაქცინის მომხრე და მოწინააღმდეგე ყველგან და ყველა დროში იქნება. ფრანგულ სამეცნიერო წრეებში მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დისკუსიაა გაჩაღებული, რამდენად ეფექტურია ,,ფაიზერის“ ვაქცინა, რომლითაც საფრანგეთის მოსახლეობა უნდა აიცრას.

-რას წერენ მეცნიერები?

-დისკუსია უმთავრესად სატელევიზიო ეთერებში მიმდინარეობს, გაზეთები და ჟურნალები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გვერდს უვლიან საყოველთაო ვაქცინაციის თემას. თუმცა, გაზეთმა ,,მონდმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა ძალზე საინტერესო, სკანდალური პუბლიკაცია, როგორ ლობირებს ევროსტრუქტურები “ფაიზერის” ვაქცინას. მოყვანილი იყო ფრანგული ფარმაცევტული კომპანია  ,,სანეფის“ მაგალითი, რომელსაც 15 დეკემბერს საკუთარი პროდუქცია უნდა შემოეტანა ფრანგულ ბაზარზე და ზუსტად 13 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მეცნიერებმა კვლევები ივნისამდე შეაჩერეს.

-რა გახდა ,,სანეფის“ ფიასკოს მიზეზი?

-კვლევის მე-4 სტადიაზე შეცდომები გაიპარა, ამიტომაც ექსპერიმენტი კვლავ პირველი ეტაპიდან დაიწყეს. ,,მონდმა“ ეჭვი შეიტანა ,,სანეფის“ ოფიციალურ არგუმენტებში და განაცხადა, რომ ევროპაში ევროკომისრები  ,,ფაიზერის“ პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრებას ლობირებენ. ასეა თუ ისე, საფრანგეთში ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ბანაკი ორად გაიყო. მომხრეები აცხადებენ, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია და ის ძალიან კარგია, მოწინააღმდეგებსაც აქვთ ზუსტად იმავე წონის არგუმენტები და ამტკიცებენ, რომ ვაქცინაცია არ არის კარგი, რადგან სათანადო დონეზე კვლევები არ ჩატარებულა და სამეცნიერო ექსპერიმენტი ბოლომდე არ დასრულებულია. გარდა ამისა, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ გამოსაცდელი ვადა იმდენად მცირე იყო, რომ ყველა უკუჩვენება არ იქნა გათვალისწინებული.  თუმცა, ვაქცინაცია ჩვეულ რეჟიმში მიდის და ფრანგები უპრობლემოდ იცრებიან. ის, რომ დაგვჩიპავენ და 5 Ge ანტენებს ჩაგვიყენებენო, ამაზე საფრანგეთში, რასაკვირველია, არავინ საუბრობს. საინტერესო რამ განაცხადა პარასკევს პასტერის ინსტიტუტმა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო ცენტრის ამბიცია აქვს.  ინსტიტუტი მუშაობს ,,კოვიდ 19-ის“ საწინააღმდეგო წამალზე, რომელიც მარტ-აპრილში გაიყიდება ევროპულ ბაზარზე.

-რუსული ვაქცინის ავკარგიანობაზე საფრანგეთში არ საუბრობენ?

-რუსულ ვაქცინას სერიოზულად არავინ განიხილავს, თუმცა გასულ კვირას ერთ-ერთ გადაცემაში გაკვრით ახსენეს, რომ რუსული ვაქცინა შეიძნა არგენტინამ, ბრაზილიამ, ევროკავშირში კი-უნგრეთმა. ევროკავშირმა საკუთარ ბაზარზე რუსული ვაქცინა არც კი დაარეგისტრირა.

-პირადად თქვენ თუ აიცერით?

-სამწუხაროდ, ჩემამდე ვაქცინაციის რიგი არ მოსულა. უპირველესად ცრიან რისკჯგუფის ადამიანებს და მედპერსონალს, თორემ დიდი სიამოვნებით ავიცრებოდი, რადგან ცნობა, რომ უკვე აცრილი ვარ,  ძალიან მჭირდება. როგორც ჟურნალისტს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირი მოგზაურობა მიწევს. კოვიდპანდემიის განმავლობაში პისიარ ტესტი 11-ჯერ გავიკეთე. ყოველ გაფრენა-გამოგრენაზე ანალიზის კეთება დიდი პრობლემაა. სექტემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვფრინდი. შემთხვევით შევხვდი ლევან გოგიჩაიშვილს, 2 დღეში მირეკავენ რომელიღაც სამედიცინო დაწესებულებიდან და მეუბნებიან, რომ რისკ ჯგუფში ვარ. 14 დღე კარანტინში ვიჯექი, 2-ჯერ ტესტი ამიღეს, როგორც იქნა გამოვაღწიე კარანტინიდან და ახლა გედი ფოფხაძეს გადავაწყდი, რომელსაც მეორე დღეს ვირუსი დაუდგინდა. მოკლედ, ძალიან ,,მხიარული“ თბილისური არდადეგები გამომივიდა, რისთვისაც ჩამოვედი ის საქმე ვერ გავაკეთე და დავბრუნდი ისევ საფრანგეთში… როდესაც ვაქცინა უკვე გაკეთებული გაქვს და კოვიდპასპორტს ფლობ, ეს ურთიერთობისთვის და კომუნიკაციისთვის ძალზე მოხერხებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები