ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მიკრორაიონის I კვარტალში 7 400 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა; ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი დაირგო, ასევე, მოეწყო ბალახის საფარი.
ახალი სკვერი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ზღვისუბანს კიდევ ერთი ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, ბავშვები და მოზარდები სკვერში მთელი დღის განმავლობაში თამაშობენ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ძველი ატრაქციონები იყო. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, ასევე, შესრულდა გამწვანების სამუშაოები. სკვერი ზღვისუბნის ცენტრალურ გზასთან ახლოს არის, შესაბამისად, ამ დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ მიმდინარე წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობას“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 510 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.