მეუფე შიო: თუ გავთავისუფლდებით მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი

“უფლის მცნებები, ნათლობა, ეკლესიის წევრობა, მცნებების აღსრულება, ეკლესიური ცხოვრება, ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის ზიარება და ა.შ. ეს არის აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა სული გადაირჩინოს”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გავთავისუფლდებით მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი.

„დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი მდიდარ მთავართან. ძალიან გვაფიქრებს, როგორც ყოველთვის, ეს სახარება. აქ უფალი ამბობს, რომ სულიერ სარბიელზე, სულიერი ცხოვრების ასპარეზზე არსებობს ორი გზა. ერთი არის სულის გადარჩენის გზა და მეორე არის სულიერი სრულყოფილების გზა, მათ შორის, ესეც ჩანს ამ სახარებაში. ეს მთავარი ეკითხება უფალს: „მოძღვარო სახიერო, კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?“ უფალი პასუხობს: „მცნებები იცი – არა კაც კლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო და ა.შ.“ (ლუკ. 18, 18-20). აი, ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, არის სულის გადარჩენის გზა, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის მოცემული; ეს არის უფლის მცნებები, მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობა, ეკლესიის წევრობა, მცნებების აღსრულება, ეკლესიური ცხოვრება, ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის ზიარება და ა.შ. ეს არის აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა სული გადაირჩინოს. პასუხად ეს მთავარი ამბობს, რომ „მე ყოველივე ეს ბავშვობიდან დამიცავსო“ (ლუკ. 18,21). ე.ი. როგორი გამორჩეული ადამიანი იყო, რომ ბავშვობიდან იცავდა მოსეს სჯულსა და ათ მცნებას. მაგრამ თან იცავს და თან ეკითხება უფალს, რა გავაკეთო, რომ დავიმკვიდრო სასუფეველიო.

რას ნიშნავს ეს?! ის თან იცავს, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობს, რომ იგი თავს იმართლებს ახლა ძველი აღთქმის სჯულით, რომელიც ადამიანს შინაგანად არ ცვლის, არ განწმინდავს, ის ხვდება, რომ გადარჩენისთვის კიდევ სხვა რამ არის საჭირო, უფრო ღრმა რამ არის ამ სჯულის უკან, რაც არის სული კანონისა და სჯულისა, რაც შემდგომ იესო ქრისტემ მოიტანა. ამას ის გრძნობს და ამიტომაც ეკითხება, რა გავაკეთოო; გრძნობს, რომ არ არის საკმარისი. თითქოს ის ყველაფერს იცავს, მაგრამ, ამასთან ერთად, მისი უარყოფითი მხარეა კიდევ ერთი რამ: მას ჰგონია, რომ ის ყველაფერს იცავს – „ბავშვობიდან ყველაფერს ვიცავ, პირნათელი ვარ ადამიანებისა და ღვთის წინაშე“, ანუ მას საკუთარ თავზე, როგორც მართალ ადამიანზე, ჰქონდა დიდი წარმოდგენა.

ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ამდაბლებს, რათა არ ეგონოს, რომ იგი უკვე სრულყოფილებას მიღწეულია და ეტყვის, რომ შენ ერთი რამ გაკლია. უფალი ხომ გულთამხილველია, მან ხომ ყოველივე უწყის?! ჯერ ერთი, როგორ იცავდა? როგორ შეიძლება ადამიანს მთელი სჯული დაეცვა. ამიტომ უფალი მიანიშნებს, ანუ ამდაბლებს მას: „შენ არ ხარ ჯერ სრულყოფილი, ერთი რამ გაკლია. აი, რა გაკლია: რაც კი რამ ქონება გაბადია, გაყიდე, გლახაკებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში და შემდეგ გამომყევი მე“ (ლუკ. 18,22). ეს არის ლუკას სახარებაში. მათეს სახარებაშიც ანალოგური მონაკვეთია, მათე დასძენს კიდევ ერთ სიტყვას, რაც ლუკასთან არ წერია: „თუ გინდა სრულყოფილი იყო“, გაყიდე ეს ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე გლახაკებს და შემომიდექი მე. აი, მეორე გზა, ეს არის უკვე სრულყოფილების გზა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველასთვის სავალდებულო არ არის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ გზას აირჩევს. შემდეგ მოთხრობილია, რომ ეს მთავარი დამწუხრდა, რადგან იყო ძალიან მდიდარი და უარი თქვა, არ იყო მზად ამისთვის (ლუკ. 18,23). რას სთავაზობს აქ უფალი იესო ქრისტე, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ადამიანს?! – სთავაზობს მოციქულობას. რომ დათანხმებულიყო, ის გახდებოდა, როგორც პეტრე, პავლე, ანდრია და სხვები. მისი სახელობის ტაძრები და ხატები გვექნებოდა, დღეს კი მისი სახელიც არ ვიცით, ვიცით მხოლოდ, რომ იყო ასეთი მთავარი, რომელიც ზოგან ჭაბუკად არის მოხსენიებული, რომელიც მზად არ იყო და დამწუხრდა. უფალმა ის დამწუხრებული რომ იხილა, თქვა: „რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში“ (ლუკ. 18, 24-25). მოციქულებს უკვირთ: „მაშ, ვინღა ცხონდება?! თუ მდიდარი არ გადარჩება, აბა, ვინო?!“ მაშინ ისეთი წარმოდგენა იყო, რომ სიმდიდრე – ეს არის სიკეთის, სიმართლისა და ღვთის წყალობის ნიშანი, თუ ადამიანი ღარიბი იყო, მაშასადამე, მას ეს ყველაფერი აკლდა. ამიტომ უკვირთ მოციქულებს, როგორ ვერ ცხონდებოდა მდიდარი. უფალი პასუხობს მათ: „კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის“ (ლუკ. 18,26-27).

აი, ასეთი საოცარი სიტყვებია. ამრიგად, აქ ჩანს, რომ ეს მთავარი მდიდარი იყო არა მარტო ფულით და მატერიალურად, არამედ „მდიდარი იყო“ ამ თავისი ღირსეულობისა და სიმართლის აზრით, რაც ყველაზე ცუდია სულიერ ცხოვრებაში. მას ეგონა, რომ ის მართალი იყო, მას ეკუთვნოდა ეს სასუფეველი და აი, ამითი იყო მდიდარი. პირველ რიგში, ეს არის ყველაზე ცუდი სიმდიდრე. გახსოვთ, უფლის მთავარი ცხრა ნეტარების პირველი ნეტარება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“, რამეთუ რა არის მათი?! – მათი არის სასუფეველი. რას ნიშნავს „სულით გლახაკნი“? – ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ მას სულიწმინდა არ აქვს, რომ ღვთის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ვერცერთ მცნებას ვერ დაიცავს და ევედრება უფალს, როგორც გლახაკი, რომ მომეცი, უფალო, მადლი სულისა წმინდისა. აი, ის არის ნეტარი; ხოლო ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, მას ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, – უფალი ამბობს, რომ აი, ასეთებისთვის დახშულია სასუფეველი. რატომ? იმიტომ, რომ სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სამეფო, ორმხრივი სიყვარულისა – ღვთისა და ადამიანის. ეს არ არის უფლებების სამეფო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უფლებებით მივიდეთ – „აი, მე როგორი კარგი ვარ, როგორ გავაკეთე, დამსახურება მაქვს, მეკუთვნის“.

თუ მიიჩნევ, რომ გეკუთვნის, სწორედ იქ არ გეკუთვნის არაფერი და იქ იკეტება სასუფევლის კარი. სწორედ ამაზეა საუბარი და არა მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე; თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბევრი ვიცით ფულით მდიდარი ადამიანი, რომლებიც იძულებული ხდებიან, ამ ფულს ემსახურონ. ძალიან რთული ვითარება აქვთ ცხოვრებაში, ძალიან ბევრ ყურადღებას, სამსახურს, მომსახურებას მოითხოვს ეს მატერიალური სიმდიდრე და აღარ სცალიათ სულის გადარჩენისთვის, სულიერებაზე ზრუნვისთვის და ამიტომ ამბობს უფალი: „შეუძლებელია“.

მაგრამ მარტო მდიდრისთვის კი არ არის შეუძლებელი სულის ცხონება, არამედ – საერთოდ ყველასთვის. თუ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი დამსახურებით, ჩვენი უფლებებით, კარგი ქცევით შეგვიძლია ვიცხონოთ სული, ესეც დიდი შეცდომაა. ამას ამბობს უფალი, რომ „კაცთაგან ეს შეუძლებელია“, ეს არის მხოლოდ ღვთის საჩუქარი, ღვთის წყალობა. ანუ სასუფეველი არის წყალობისა და სიყვარულის სამეფო და თუ ჩვენ გვექნება იმედი მხოლოდ ღვთის სიყვარულისა, მხოლოდ მისი წყალობისა, თუ ჩვენ დავგლახაკდებით, ამ სიტყვის კარგი გაგებით, გავთავისუფლდებით ჩვენი მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, აი, მაშინ მიგვიღებს უფალი”,- აცხადებს მეუფე შიო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები