რა ეწერა წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე პაოლო იაშვილმა მძინარე შვილს დაუტოვა
ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ადამიანურ ისტორიებს უზიარებს. პაოლოს მიერ მძინარე შვილისთვის დატოვებული წერილის ისტორიაც ამ ამბების რიცხვშია.
1937 წელი იდგა. მწერლები ერთმანეთს გადაჰკიდეს, ცალ-ცალკე იბარებდნენ შინსახკომში დაკითხვებზე და ერთმანეთის მხილებას და ცრუ ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ.
ტიციანმა და პაოლომ ურთიერთობა შეწყვიტეს, ჩეკამ მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენებაში“ პაოლოს ჯაშუშური მოღვაწეობის კვალი „აღმოაჩინა“.
1937 წლის მაისში გამართულ საქართველოს კომპარტიის მეათე ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ სამი მწერალი – პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე გააკრიტიკა.
შალვა აფხაიძე იგონებს:
ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის მეორე სართულზე თოფმა იჭექა და სისხლში მოსვრილი, უსულო პაოლო სასწრაფო დახმარების მანქანამ ისე წაიყვანა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. სანამ ჩახმახს გამოჰკრავდა ხელს, მწერალთა კავშირის სასადილოში შესულა, 7 მანეთი ვალი ჰქონია და გადაუხდია.
იმავე დღეს პოეტის საცხოვრებელი სახლი (ჯაფარიძის ქუჩაზე) გაჩხრიკეს და ხელნაწერები წაიღეს. მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მოუხერხებია მის მეუღლეს, თამარს.
1940 წელს გადაასახლეს პაოლოს ძმა ივანე (ტუპია), ასევე ბიძაშვილები.
პაოლოს დედა ბაბილინე მდივანი და სიმამრი გიორგი ოქრომჭედლიშვილი დარდს გადაჰყვნენ.
სახლიდან გამოსულმა პაოლო იაშვილმა მძინარე ქალიშვილს, მედეას წერილი დაუტოვა.
ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ!
მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.
არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი, გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია, მშვიდობით, მამიკო!
მედეა, მედეა, მშვიდობით!
ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები.
შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა.