თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სოციალურ პროექტებზე საუბრისას, სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 400 000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება.
„ამ პროგრამების შორისაა სკრინინგის, აბილიტაციის, ძუძუს კიბოს, ტრანსპლანტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სათემო სერვისის, ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები; სატრანსპორტო შეღავათი და კომუნიკალური სუბსიდირება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საკურორტო მომსახურება, ბავშვების უფასო სწავლება; ინიციალიზაციის პროგრამა, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამა, დღის ცენტრების დაფინანსება, მუნიციპალური თავშესაფრის პროექტი, ვეტერანთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმაზე, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, იმ ადამიანების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა.
„პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ვირუსის მეორე ტალღის დროს, მერიის მხრიდან განხორციელებული პროექტის საშუალებით, 18 000 ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები, ბიზნესის მხარდაჭრითა და თანადგომით კი დახმარება 4 200 ოჯახს გაეწია“, – განაცხადა კახა კალაძემ.