ნინო ლომჯარია: ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას
“ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!”, – ასე აფასებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, სახალხო დამცველი დეტალურ ინფორმაციას გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ საზოგადოებას შესთავაზებს.
“ვულოცავ ჩვენ ქვეყანას ევროპის ყველაზე სამართლიანი მსაჯულის მიერ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღიარებას! ეს გადაწყვეტილება იქნება კონფლიქტით დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი!
დეტალურ ინფორმაციას სახალხო დამცველი გადაწყვეტილების სათანადოდ გაცნობის შემდგომ შემოგთავაზებთ”, – წერს ლომჯარია.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.