ბეთლემი, ბაგები, დამპალო და ზემელი – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია
თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, ბეთლემზე, ბაგებზე, დამპალოსა და ზემელეზ მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.
ბეთლემი – ბეთლემის ეკლესია დღეს ფეთხაინის ეკლესიად ცნობილი ტაძრის პირვანდელი სახელწოდებაა. საქართველოში ქრისტიანულ სამლოცველოებს ხშირად ე.წ. „წმინდა ადგილების“ სახელებს არქმევდნენ. ებრაულად „ბეთ“ სახლს ნიშნავს, „ილი“ – ღვთისას. ამგვარად „ბეთილი“, „ბეთლემი“ ღვთის სახლს ეწოდება. ბეით–ლეჰმი ან ბეთლეჰემი თავდაპირველად ქანაანელთა, მოგვიანებით კი იუდეველთა ქალაქი იყო სამხრეთ პალესტინაში (დღევანდელ იორდანიაში) და ბიბლიის მიხედვით, დავითის სამშობლოა. სახარების მიხედვით, აქ იესო ქრისტე დაიბადა.
გადმოცემით, თბილისის ბეთლემის ეკლესიას ვახტანგ გორგასლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე მრავალი გადაკეთებით (განსაკუთრებით ინტერიერში) მოღწეული ეკლესია აუგია თავად გივი ამილახვარს 1740 წელს. ეს ის გივი ამილახვარია, რომლის თაობითაც 1742 წელს ააშენეს ქაშვეთის აგურის ახალი ეკლესია (დღევანდელის წინამორბედი). გივი ამილახვარი ქართლ–კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემოქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი ყოფილა. მას არაერთი ციხე და ეკლესია აღუდგენია. ბეთლემს სომხური ეკლესია დაეპატრონა და მას ფეთხაინი ეწოდა, თუმცა ეკლესიას, როგორც ქართველთათვის უძველეს „წმინდა ადგილზე“ აგებულს, ქართველი მრევლიც ჰყავდა.
ბაგები – ადრე აქ ბაღ–ბოსტნები და ფარეხები ჰქონდათ წყნეთელ გლეხებს. სიტყვა „ბაგა“ დაბმული საქონლისათვის განკუთვნილ საკვების ჩასაყრელსაც ნიშნავს. შესაძლებელია აქედან მოდიოდეს ადგილის და შემდეგ სოფლის სახელწოდება.
დამპალო (დამპალოს ხევი) – ამ ადგილს თბილისსა და სამგორს შორის ბოინისხევს, სასაკლაოსხევსაც ეძახდნენ. ადრე აქ პირუტყვის სასაკლაოები იყო მოწყობილი და ანტისანიტარიის გამო, მის მიდამოებში მძაფრი სუნი იდგა (აქედან წარმოდგა ადგილის სახელი). სასაკლაოს ალაგმის შემდეგ აქ ერთ დროს ბოსტნები იყო.
ზემელი – მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში გერმანელ პროვიზორთა დიდი ჯგუფი მოღვაწეობდა (შინბერგი, შმიდტი, გეინი, ოტტენი და სხვები). მათ შორის იყო ზემელიც, რომელსაც აფთიაქი ჰქონდა გახსნილი დღევანდელი რუსთაველის მოედნის ერთ-ერთ კუთხეში. ადგილის სახელწოდებაც აქედან მოდის.