ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციისას იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობაა.
„დღეს რუხიდან ერთი წლის ანგარიშს ვაბარებ მთელ საქართველოს, ამიტომ, მივმართავ როგორც ენგურს აქეთ, ისე – მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე.
ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმის, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და მათ ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც პანდემიის პირველი წუთიდან გვერდში გვიდგანან და თავიანთი წვლილი შეაქვთ მსოფლიო გამოწვევის დაძლევის პროცესში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.