ხატია დეკანოიძე: უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში შევდივართ
“ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ღია და მიმზიდველი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია.
„ხალხმა გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ელექტრონული არჩევნების შედეგად სწორედ ნიკა მელია დამტკიცდა. ამიტომ, ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელზეც დღეს ნიკა მელიამ ისაუბრა და რომელიც მოიცავს ერთ მნიშვნელოვან მიზანს – ეს არის ის, რომ პარტია უნდა იყოს ღია და მიმზიდველი ყველასთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა აუცილებელია იმ ძალიან მძიმე საფრთხისგან, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა. რაც შეხება ზოგადად პარტიის პრინციპებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრინციპი რჩება ჩვენი ქვეყნის განვითარება, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი – ახლა შევდივართ უპრეცედენტო ბრძოლის ფაზაში, როდესაც ეს ქვეყანა უნდა გადარჩეს იმ რეჟიმს, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ, ნიკას მელიას თავმჯდომარედ არჩევა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის წარმატებით გაართმევს თავს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.