მაია ბითაძე: წყლის სააუზო მართვის, კანონის აღსრულებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში საბიუჯეტო და საფინანსო თანხების მობილიზების მყარი გარანტია უნდა გვქონდეს
„მინდა, წარმატება გისურვოთ, რადგან ქვეყნის მართვა გიწევთ ძალიან რთულ პერიოდში, სავსე გამოწვევებით, რომ არაფერი ვთქვათ, რადიკალურ და ხშირ შემთხვევაში, არაკონსტრუქციულ პოზიციასთან, რომელიც საერთოდ სხვა საკითხებზეა ორიენტირებული და არ ფიქრობს იმ რეალურ გამოწვევებზე, რაც ქვეყანას აქვს როგორც ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ასევე, ქვეყნის შემდგომი განვითარების კუთხით, მათ შორის, ხშირად საუბრობენ ევროპულ მიმართულებაზე, მაგრამ ეს როგორ კეთდება, ამას არ გვთავაზობენ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა, წყლის სააუზო მართვა, რაც გარემოს დაცვასა და თანამედროვე მართვაში ითვლება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად.
„კანონპროექტი მომზადებულია. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რადგანაც ქვეყნის მართვას ითვალისწინებს არა ადმინისტრაციული საზღვრების არამედ, მდინარეების აუზების მიხედვით და, მათ შორის, კომპლექსურად მოიცავს წყლის რესურსების მიწისქვეშა, მიწისზედა, ტყეების, მიწების ინტეგრირებულ მართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიღების შემდგომი პროცესი გარკვეულ პერიოდზე გაიწელება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რა საბიუჯეტო დაფინანსება დასჭირდება ამ კანონის აღსრულებას მომდევნო წლების განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი, რადგან რესურსების ათვისებას ეხება გრძელევადიან პერსპექტივაში, როგორ დიდ როლს ითამაშებს ადგილობრივი თემების განვითარების კუთხით და რა წვლილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი რეკომენდაციით, აღნიშნული კანონის მიღების შემდგომ, მისი აღსრულებისთვის უნდა მოხდეს ყველა ძალის მობილიზება, რათა 5-6 წელიწადში რეალური შედეგები დადგეს. „ჩვენ უნდა დავინახოთ ძალიან სტაბილური გრძელვადიანი შედეგები რაც ამ კანონმა მოუტანა ევროპის ყველა ქვეყანას. ამ კანონის აღსრულებისთვის მომდევნო წლების განმავლობაში საბიუჯეტო და საფინანსო თანხების მობილიზების მყარი გარანტია უნდა გვქონდეს. მაინტერესებს მთავრობის პოზიცია ამ მიმართულებით”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.