ნოდარ ტურძელაძე: პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა

„პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი პირველი დაკვეთა. აქედან გამომდინარე, მეტი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით, რათა შეიქმნას შესაბამისი პაკეტები პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივდეთ და სურვილი გაუჩნდეთ მათ ქვეყანაში შემოსვლისა და ფინანსების ჩადების”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობისთვის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
დეპუტატის აზრით, პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაზარალდნენ.
„ჩვენ ვეხმარებით მოხუცებს, პენსიონრებს, ბავშვებს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა სეგმენტს, მაგრამ კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს განსაკუთრებულად გაუჭირდათ, რადგან პრაქტიკულად რა შემოსავალიც ჰქონდათ წლების განმავლობაში, ამ ერთი წლის პერიოდში ისინი ვეღარ ახერხებენ იმის გენერირებას”, – აღნიშნა ნოდარ ტურძელაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ცენტრალიზებულად უნდა მიუდგეს იმ ადამიანების პრობლემის მოგვარებას, რომელთაც საცხოვრებელი სახლები სახელმწიფომ დაუკანონა, თუმცა მიწის ის ტერიტორია, რაზეც ეს სახლებია განთავსებული მათ საკუთრებაში არ არის.
„წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ამ საკითხს დავაყენებდი – ეს ეხება როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს ასევე, ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს რომელთაც სახელმწიფომ გადასცა და დაუკანონა სახლები. წლების განმავლობაში ეს ხალხი ითხოვს თუმცა, მიწის იმ ნაკვეთის დაკანონებას, რაზეც არის დამაგრებული ეს სახლები. სამწუხაროდ, ამ საკითხს ცენტრალიზებულად ვერ მივუდექით და ვერ მოუგვარდათ მათ ეს პრობლემა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების, შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით, ვფიქრობთ ძალიან აქტუალური თემაა. ბატონო გიორგი გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ნოდარ ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები