თეა წულუკიანი: ნათელაშვილი მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველი, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი
„ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გვყავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნათელაშვილი „ნაციონალების“ დროს შეიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს.
„ამ ადამიანმა ძველ დროში, „ნაციონალები“ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, რომ პარლამენტში არ შევდივარ. სინამდვილეში, არ დაწერა წერილი, მან მოატყუა არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი, არამედ – საზოგადოებაც, ჩვენ ყველა. მან თქვა, რომ არ შევდივარ პარლამენტში. ეს იყო ტყუილი, არ დაწერა წერილი, სინამდვილეში – შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს, ამას ჰქვია „ლეიბორისტული პარტია“, რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს. ეს ნორმა არის ცოტა დაგვიანებული, ეს წინა მოწვევის პარლამენტებსაც უნდა მიეღოთ და მადლიერი ვარ, რომ ახლა ამის გასწორება ხდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.