“სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს მიერ არაერთი მხარდამჭერი პროექტი განხორციელდა”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროს მხრიდან სტუდენტების მხარდამჭერი ღონისძებების შესახებ განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.
ნუნუ მიცკევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, პრემიერ მინისტრის ინიციატივის საფუძველზე სტუდენტებმა, რომლებიც 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დაფინანსების მიზნით. სოციალური დახმარებით ისარგებლა 14 799 სტუდენტმა. დავალიანების მქონე სტუდენტებს ასევე უფინანსდებათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური.
გარდა ამისა, სამინისტროში ხორციელდება სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს (როგორიცაა: შშმ პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა შვილები, ობოლი – უდედმამო სტუდენტები, სახელმწიფო მზრულველობის ქვეშ მყოფი პირები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრები, სოციალურად დაუცველი სტუდენტები) უფინანსდებათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სრული საფასური.
2020-2021 სასწავლო წლისთვის გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
განხორციელდა თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა და პირებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ შეძლეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა, უფლება მიეცათ, სწავლა გაეგრძელებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მათთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით.
აქტიურად ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მხარდამჭერი ღონისძიებები. აღნიშნულ პირებს უფლება მიეცათ ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლა გააგრძელონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსებით.