საბურთალო და სოლოლაკი – ცნობილი დასახელებების წარმოშობის ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, საბურთალოსა და სოლოლაკზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


საბურთალო – ადრე ეს ტერიტორია ვრცელ ველს წარმოადგენდა, სადაც, როგორც ჩანს, სხვადასხვა სპორტული ასპარეზობა (ბურთაობაც) ტარდებოდა. ამას უნდა მიუთითებდეს სახელწოდება. საინტერესოა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ამ ტერიტორიის შესახებ: „გარნა ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკულ და მრავალი მის სამხრით არს ველი საბურთალოსა. ამას შინა ყოფილა რუ ვერიდამ მოტანილი და აწ უმისოდ უნაყოფოდ არს“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „…აწ უმისოდ უნაყოფო“ საბურთალოში ძველად ბაღები უნდა ყოფილიყო, რომლებიც მდინარე ვერედან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა. მე–19 საუკუნეში წარმოქმნილი მრავალფეროვანი საბურთალოს დასახლება თბილისს ოფიციალურად 1917 წელს შემოუერთეს.

საბურთალოს ქალაქურ განაშენიანებას საფუძველი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჩაეყარა. 30–იან წლებში აქ გაშენდა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ე.წ. „სპეციალისტების სახლები“. რომლის შემდეგაც დაიწყო ამ უბნის ინტენსიური განაშენიანება. ომის წინა წლებში დაიწყო ფართო მშენებლობა ტერიტორიაზე, რომელიც გმირთა მოედანს ემიჯნება უშუალოდ. 50–იან წლებში ლენინის ქუჩის (კოსტავას) გასწვრივ შენდება დიდი საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლები, ხოლო 60–იან წლებში საფუძველი ჩაეყარა თბილისის პირველ საცხოვრებელ მასივს. მეტად მნიშვნელოვან ქალაქთმშენებლურ ღონისძიებას წარმოადგენდა ვაკე–საბურთალოს მაგისტრალის გაჭრა კლდეში, რომელმაც უმოკლესი გზით დააკავშირა ქალაქის ორი ვრცელი რაიონი.

სალალაკი (სოლოლაკი) – გადმოცემით, „ციხის ბაღის“ (დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის) მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აკვედუკი აუშენებიათ თუ აღუდგენიათ. ამ სარწყავ არხს არაბულად „სულუ–ლაჰ“ რქმევია და როგორც ჩანს, ეს სახელწოდება მის მკვებავ ნაკადულზე და შემდგომ მთაზეც გავრცელდა. უფრო გვიან კი, ეს სახელწოდება მთის ძირას მოქცეულ ნაკვეთსაც დაარქვეს.

დღევანდელი სოლოლაკი ძველთაგანვე ბაღებითა და ბაღჩებით იყო დაფარული. ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე სალალაკში აღნიშნულია მეფის, დედოფლის, მამასახლისის, თბილელის ბაღები.

სოლოლაკშივეა დატანილი „ამარათი“ – ვარაუდით, მეფის ერთ–ერთი რეზიდენცია. ამ ადგილზე ნაჩვენებია აგრეთვე „კოჟრის გზა“ და „სალალაკის წყალი“. სალალაკი კვლავ ბაღებითაა დაფარული 1800 წლის გეგმაზე. ამ ბაღებმა XIX საუკუნის 40–50–იან წლებამდე მოაღწიეს, როდესაც სალალაკის ინტენსიური განაშენიანება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები