გივი მიქანაძე – დავით ზალკალიანს: რა სტრატეგია გვაქვს სახელმწიფოებთან არაღიარების კუთხით და პრევენციული თვალსაზრისით იმისთვის, რომ ე.წ. სიურპრიზები უცებ არ მივიღოთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, გივი მიქანაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ “არაღიარების პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან კარგია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით, უკვე კონკრეტულ შედეგებზეა გასული”

მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანამ, შეიძლება ითქვას, აღიარების თემა უკან წაიღო და არაღიარების თემა რამდენიმე სახელმწიფოსთან კვლავაც რჩება.

დეპუტატი დაინტერესდა, თუ რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას ამ სახელმწიფოებთან მიმართებით და რა ნაბიჯები იდგმება არაღიარების კუთხით მაშინ, როდესაც საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები ოკუპირებული არის ჩრდილოელი მეზობლის მიერ. იგი ასევე დაინტერესდა სხვა სახელმწიფოებთან, პრევენციული თვალსაზრისით, როგორ იგეგმება მუშაობის გაგრძელება, იმისთვის რომ „ე.წ. სიურპრიზები უცებ არ მივიღოთ და ამ ცუდ შედეგებზე არ მოგვიწიოს შემდგომი რეაგირება”.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც არის არა მარტო ხელისუფლების, არამედ – საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოძმეების მეტი ინტეგრირებისკენ – გასაგებია, რომ ეს სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი ძალიან დიდია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირება სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და ძალისხმევით უნდა განხორციელდეს. ძალიან სასურველი იქნება, რომ გავიგოთ ის ძირითადი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ან თუნდაც ოთხ წლიან პერიოდში იგეგმება სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა ფორმატში იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეტი კონსოლიდირება მოვახდინოთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

იგი მიესალმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საკითხის აქცენტირებას, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი.

„არა მარტო ჩვენი ქვეყანა არამედ, მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ ამ პანდემიის დროს და შესაბამისად, ჩვენთვის ეკონომიკური გამოწვევები არსებითად მნიშვნელოვანია. ამიტომ ასეთ დიდ სახელმწიფოსთან ამგვარი შეთანხმების მიღწევა ფრიად მნიშვნელოვანია და მისასალმებელია რომ ეს, ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამაში თქვენი სამინისტროს როლი და ძალისხმევა კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქცენტად რჩება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომიტეტის წევრი გაერთიანებულ სამეფოსთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც გამოეხმაურა. „თუ შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ ის კონკრეტული მიმართულებები რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია გაერთიანებულ სამეფოსთან ამ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით და რა იგეგმება უახლოეს მომავალში?”, – მიმართა დეპუტატმა დავით ზალკალიანს. იგი ასევე დაინტერესდა ხომ არ არის დაგეგმილი უახლოესი წლების განმავლობაში, ახალი დიპლომატიური მისიების გახსნა კონკრეტულ ქვეყნებში მათ შორის, იმ ქვეყნებში რომლებიც სულ ახლახან ნატო-ს წევრი ქვეყნები გახდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები