აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში IBM i2 ანალიზის პროგრამა დაინერგა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში IBM i2 ანალიზის პროგრამა დაინერგა, რაც პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენს და დანაშაულის დროულად გამოძიებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენება.
აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საერთაშორისო ბიუროს და იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი იურიდიული მრჩეველის პროგრამის მეშვეობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან პარტნიორობით განხორციელდა.
უახლესი ციფრული ანალიტიკური პროგრამით და ინსტრუმენტებით აღჭურვასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ ციფრული ანალიტიკური პროგრამა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ დახვეწილი საგამოძიებო ანალიზი, ამოიცნონ საჭიროებები, ხელი შეუწყონ უწყებათა თანამშრომლობას და მართონ დანაშაული.
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბაკურ აბულაძის თქმით, აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა პროკურორებსა და გამომძიებლებს საგამოძიებო თუ ოპერატიული გადაწყვეტილებების დროულ მიღებაში დაეხმარება და დროის მცირე მონაკვეთში ეფექტიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
“თანამედროვე გამოწვევების ფონზე, როდესაც კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით მოცულობითი ელექტრონული ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის აუცილებლობას, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გამოძიების პროცესში.
კერძოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით და ხელშეწყობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაინერგა IBM i2 ანალიზის პროგრამა, რაც წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება დანაშაულის დროულად გამოძიებისთვის და ასევე მისი პრევენციისთვის. აღნიშნული პროგრამა შექმნილია NATO-ს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით და აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, კანადაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის, თაღლითობის და სხვა კომპლექსური ხასიათის დანაშაულის გამოძიების/პრევენციის პროცესში.
IBM i2 მომხმარებელს აძლევს განსხვავებული ფორმატის, სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის პროგრამაში იმპორტირების შესაძლებლობას, მიუხედავად მისი მოცულობისა. პროგრამა ახდენს მის ანალიზს, დახარისხებას, სტრუქტურიზაციას და რუტინული სამუშაოს ავტომატიზაციის საშუალებით, დროის მცირე მონაკვეთში, დამუშავებული მშრალი მონაცემების ვიზუალიზაციით ახდენს ორ ან რამდენიმე ქსელს შორის კავშირის გამოვლენას, შაბლონური ქცევების და ლატენტური საფრთხის აღმოჩენას, დანაშაულებრივი კამპანიის მიდევნებას. აღნიშნულ სისტემაში მონაცემების მიღება-დამუშავება შესაძლებელია რეალურ დროშიც.
IBM i2 ასევე გააჩნია ინოვაციური ფუნქცია, როგორიცაა სოციალური ქსელის მონაცემების ზედდება სხვა საგამოძიებო მასალებზე“, – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საერთაშორისო ბიუროს დირექტორის რებეკა ჰანტის თქმით, „სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საერთაშორისო ბიურო ამაყობს, რომ აგრძელებს საქართველოს მთავრობის დახმარებას, რათა გაძლიერდეს ფულის გათეთრებასა და სხვა კომპლექსურ დანაშაულებში ჩართული ორგანიზაციების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რაც ხდება გენერალური პროკურატურისთვის კავშირის ანალიზის პროგრამის მიწოდების გზით.“
იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი იურიდიული მრჩეველი მაიკლ გრანტი აღნიშნავს, რომ „გენერალური პროკურატურის ახალი ანალიტიკური შესაძლებლობები უზრუნველყოფს პრაქტიკაში გამოსაყენებელი საგამოძიებო ინფორმაციის დროულ შეგროვებასა და გაცვლას, რათა მოხდეს თაღლითური და დანაშაულებრივი საქმიანობის იდენტიფიცირება, პროგნოზირება, თავიდან აცილება და ხელის შეშლა. ეს კი გამოიწვევს კარგად განვითარებული დანაშაულებრივი ქსელების მიმართ მზარდ სისხლისსამართლებრივ დევნას.“
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს პროკურატურაში უახლესი ციფრული ანალიტიკური პროგრამით და ტექნიკით აღჭურვაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მხარეებმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.