ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები” სახელმწიფოს Medtronic-ის ამერიკული წარმოების დეფიბრილატორებს მიაწვდის.
„შევჯერდით იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს დეფიბრილატორის ტიპოლოგია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. გავითვალისწინეთ პაციენტის ინტერესებიც, ჩატარდა ფასთა კვლევა, გაიმართა ტენდერი და 7 დეკემბერს გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ესაა კომპანია „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები“, რომელიც სახელმწიფოს მიაწვდის Medtronic-ის ამერიკული წარმოების დეფიბრილატორებს. ამ ტენდერმა მოგვცა იმის საშუალება, რომ პროგრამის ღირებულება 2,2-ჯერ შეგვემცირებინა. შესყიდვის ჯამური ღირებულებაა 2 566 180 ლარი, შესყიდული იქნება 224 დეფიბრილატორი, რომლებიც კლინიკებში გადანაწილდება. მომსახურების ღირებულება დადგინდება 3000-3500 ლარამდე, საიდანაც მოსახლეობას ჯიბიდან 10%-ს გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.