აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები პირველად მოიხსენია

აზერბაიჯანულ ტელეარხზე – LiderTv აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აფერ ჰაჯიევმა ქართველებზე ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ ისინი 50 წელი მაინც გონს ვერ მოვლენ და ჯავახეთშიც ავტონომიას ვეღარ მოითხოვენ. აფერ ჰაჯიევმა აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ჩამოთვალა: ავარები, ლეზგები (ლეკებს), თალიშები და ქართველები და აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომის დროს ისინი გაერთიანდნენ. ჰაჯიევი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებზე. მინისტრის მოადგილე იხსენებს, რომ ახლახან, ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს იყო კახის რაიონში – იქ, თქვენ იცით, ქართველები ცხოვრობენ ისევე, როგორც – ზაქათალაში. კახის რაიონის ქართულ სოფელში – ქოთოქლოში შევედი და ვნახე, რომ მთელი სოფელი ზეიმობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები არიან, ასე მითხრეს: ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებული ქვეყნის ხალხნი ვართო.“
აღსანიშნავია, რომ ზაქათალის რაიონის ქართველებისთვის სასიამოვნო იყო, რომ ამ რაიონში მცხოვრები ინგილოები აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტელევიზიით “ქართველებად” მოიხსენია და ეთნიკურ უმცირესობად დააფიქსირა. როგორც წესი, კახის რაიონისგან განსხვავებით, ზაქათალა-ბელაქნის ეთნიკურ ქართველებს აზერბაიჯანულ მედიაში, პრაქტიკულად, არ ახსენებენ. მოსახლეობის აღწერის დროსაც ეთნიკურ ქართველებად, ძირითადად, მხოლოდ კახის რაიონის მცხოვრებელები ფიქსირდებიან. ერთ-ერთ აზერბაიჯანულ ტელეარხზე ცოტა ხნის წინ ასევე გავიდა სიუჟეტი ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან ყარაბაღის ომში გარდაცვლილ 18 წლის ინგილო ქართველი ჯარისკაცის – ისმაილ ირაპოვისა და მისი ოჯახის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები