“ბოლო ორი დღის განმავლობაში “ცხელ ხაზზე” არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, კორონავირუსის სამკურნალოდ 445 საწოლია თავისუფალი.
„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ფაქტი, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალია სტაციონარიდან გაწერების აქტივობა. თუმცა, სასტუმროების კომპონენტის დახმარებით, ის პაციენტები, რომლებიც პარასკევიდან მოითხოვდნენ სტაციონარიზაციას, ყველა განთავსებულია და ეს ასევე აისახება “112”-ისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების კოორდინირებულ მუშაობაში. ამასთან, თუ ჩვენ პარასკევის მონაცემებით გვქონდა 631 გამოძახება და ასევე 488 მომლოდინე ზარი “112”-ში, ბოლო ორი დღის განმავლობაში “ცხელ ხაზზე” არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა და პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით. დღეს, 09:00 საათის მონაცემებით, გვქონდა 150 ზარი, საიდანაც კოვიდინფექციის მიმართულებით დაფიქსირებული იყო 100 შემთხვევა, რომელიც დღის განმავლობაში განთავსდება სტაციონარში. ძალიან ხშირი იყო “112”-ში განმეორებითი ზარები, სადაც ფიქსირდებოდა მოქალაქეების დაჩქარებაზე სურვილი, რომ სასწრაფო აგვიანებდა, ასევე, იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი “ცხელი ხაზები”, სადაც ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას, სადაც პრეტენზიებს აფიქსირებენ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.