გოჩა ლორთქიფანიძე Trace International-ის კვლევაზე: მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხის მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია
„საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ისეთ კომპონენტში, როგორიცაა მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი და ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია” – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე Trace International-ის კვლევას.
მისი თქმით, აღსანიშნავია რომ კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო ევროპის სახელმწიფოებს შორის, საუკეთესო 20-ეულში იკავებს ადგილს.
„საქართველოს ევროპაში მოწინავე პოზიციები უჭირავს, ისეთი კომპონენტების გათვალისწინებით, როგორიცაა ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება, ასევე მთავრობისა და საჯარო სერვისების გამჭვირვალობა. გლობალურად საქართველოს 194 სახელმწიფოს შორის 28-ე პოზიცია უჭირავს და ამ ნიშნულით ის უსწრებს ევროპის კავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს. საუკეთესო მაჩვენებელი აქვს საქართველოს ისეთ კომპონენტში, როგორიც არის მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი და ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია, რადგან მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს” – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის ანტიკორუფციულ სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მორიგი აღიარება ახლა უკვე 2020 წელს და მიუთითებს, რომ პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის განგრძობადი და შეუქცევადი ძალისხმევა ანტიკორუფციულ სფეროში.
„ზუსტად ამ პოლიტიკის კოორდინირების და უწყებათაშორისი ძალისხმევის წარმართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მექანიზმია ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, ეს რეიტინგი მიუთითებს ქვეყნის წინსვლაზე გამოწვევებით სავსე პერიოდში, ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციაზე. ინსტიტუციური დემოკრატია უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს განგრძობადი და ეფექტური ინსტიტუტების არსებობას” – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.