ბრილიანტების ქურდი, 32 ფსევდონიმითა და 9 პასპორტით – დორის პეინის ისტორია

ის არ პარავდა ღარიბებს, იგი მხოლოდ ელიტარულ მაღაზიებს ქურდავდა… და ბრწყინვალედ ასრულებდა მდიდარი ცოლის ან წარმოსადეგი ქალის როლს.

დორის პეინი – ცნობილი ქალი, რომლის შესახებაც არაერთი წიგნი დაწერილა და დოკუმენტური ფილმიც კი გადაღებულა. 60 წლის მანძილზე მას ამერიკის, ევროპისა და აზიის პოლიცია დასდევდა. მას იჭერდნენ, სვამდნენ ციხეში, მაგრამ იგი მაინც გამოუსწორებელი იყო. ბოლოჯერ ქურდი ქალი 87 წლის ასაკში დააპატიმრეს, მოხუცმა 86 დოლარის ღირებულების პროდუქტი და ტექნიკა მოიპარა სუპერმარკეტ Walmart-ში.

მთელი ცხოვრების განმავლობაში, დორის პეინმა 32 ფსევდონიმი და ცხრა პასპორტი შეიცვალა, მის მიერ მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღემატება. დორის პეინის შესახებ დოკუმენტური ფილმის შემქმნელების თქმით, მისი ქურდობების ზუსტი სურათის და მთელი მასშტაბის აღბეჭდვა შეუძლებელია.

დორის პეინი 1930 წელს დასავლეთ ვირჯინიაში დაიბადა. ის ოჯახში მეექვსე შვილი იყო და სახლიდან გაქცევას ნატრობდა, სადაც მეშახტე მამა სიმთვრალეში დედასა და შვილებს სცემდა. დორისი კარგად სწავლობდა სკოლაში, 16 წლის ასაკში კი, ლამაზმანად იქცა.

პირველი დანაშაული მან შემთხვევით ჩაიდინა. ერთხელ დედამ ის ადგილობრივ ვაჭართან, ბილ ბენჟამენთან გააგზავნა, სადაც გოგონა აღფრთოვანებით ათვალიერებდა სამკაულებს, ხოლო შემდეგ გამყიდველს მოზომვა სთხოვა. გამყიდველმა მას ვიტრინიდან საათის აღების ნება მისცა, მაგრამ სავაჭრო ჯიხურში თეთრკანიანი მყიდველი შემოვიდა. გამყიდველს არ ესიამოვნა, რომ მაღაზიაში ფერადკანიანი გოგონა შემოუშვა, ხოლო შეშინებული დორისი ჯიხურიდან გამოიქცა და საათის მოხსნა დაავიწყდა. მართალია, მოგვიანებით დაბრუნდა, მაგრამ ეს შემთხვევა კარგად დაამახსოვრდა. ის მიხვდა, რომ ასეთი ხერხით ცოტა ფულის „მოგროვებას“ შეძლებდა და სახლიდან დედასთან ერთად წავიდოდა. დორისმა რაღაც თამაშის მსგავსი მოიფიქრა: ის მიდიოდა მაღაზიაში მეგობართან ერთად, გოგონები ყველაფერს იზომავდნენ, სამაჯურებს, საათებსა და სხვა აქსესუარებს. დაბნეული გამყიდველი ვერ ხვდებოდა, რა შეინახა და რა ჰქონდათ გოგონებს ხელში. შემდეგ გოგონა ყველაფერს აბრუნებდა, მაგრამ იმასაც აგებინებდა გამყიდველს, რომ შეეძლო წაეღო, თუკი მოინდომებდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.

დროთა განმავლობაში, პეინი მიხვდა, რომ მას ნიჭი ჰქონდა. ის კარგი აღზრდილი იყო, მიმზიდველი და ცოტა გაიძვერაც. პირველი მსხვილი ქურდობა დორისმა 60-იანი წლების ბოლოს ჩაიდინა, როდესაც აშშ-ში ფერადკანიანთა და თეთრკანიანთა თანასწორობა დამკვიდრდა და მას უპრობლემოდ შეეძლო ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიებში შესვლა. 23 წლის ასაკში პეინმა მასშტაბური „თამაში“ დაიწყო. ის ძვირიანი ჩანთითა და სამოსით შედიოდა მაღაზიაში, იუველირს რამდენიმე ძვირფასეულობას სთხოვდა მოსაზომად. შემდეგ რომელიმე მათგანი იკარგებოდა და მას დორისი „პოულობდა“. ასე იგი გამყიდველის ნდობას მოიპოვებდა, შემდეგ კი, იმას მალავდა, რაც მართლა სჭირდებოდა. გაყიდული სამკაულების ფულით, ის მოხუც დედასა და ორ შვილს არჩენდა, რომლებიც შემთხვევითი კავშირებით გაუჩნდა. ოჯახისთვის დორისი სხვადასხვა ამბავს იგონებდა, თუ როგორ დააწინაურეს სამსახურში და ხელფასი გაუზარდეს. ქალი უკვე ვეღარ ჩერდებოდა. ის უამრავ ფულს ხარჯავდა, რათა საუკეთესო მაღაზიებში ჩაეცვა, ყიდულობდა ძვირფას სუნამოებსა და აქსესუარებს. საიუველირო ბრენდული კატალოგების დათვალიერებისას დორისი მონიშნავდა მისთვის მოსაწონ სამკაულს, შემდეგ ყიდულობდა ბილეთს და მის მოსაპარად მიემგზავრებოდა.

1970-იანი წლების დასაწყისში მან ნამდვილი მსოფლიო ტურნე მოაწყო, მაგრამ სამი წლის შემდეგ მონტე-კარლოში შეცდომა დაუშვა. ალფრედ ჰიჩკოკის რომანტიკული კომედიის – „დაიჭირე ქურდი“ – ნახვის შემდეგ დორისი შთაგონებით იყო სავსე, მან ჯიბეში ჩაიდო მაღაზია Cartier-ის 10-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც 500 000 დოლარი ღირდა. მოპარული ნივთი ძალიან ძვირფასი იყო, ამიტომ დორისს აეროპორტში პოლიცია ელოდა. ის სასტუმროს ნომერში დააკავეს, მაგრამ დორისმა ბრილიანტის ქვის ამოღება და კაბის ქამარში დამალვა შეძლო. ასე გაექცა ის სამართალდამცავებს. მან ქვა 148 000 დოლარად გაყიდა.

დორისს ყოველთვის როდი ეხერხებოდა პოლიციისგან თავის დაძვრენა, ხანდახან საქმე სასამართლომდეც მიდიოდა, მაგრამ დიდი ვადით მას არასდროს აპატიმრებდნენ, ვინაიდან ერთ ან ორ ნივთზე მეტს არასდროს იღებდა. ყველაზე დიდი, ხუთწლიანი პატიმრობა მან 1998 წელს მოიხადა. 12 წლის წინ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქურდობა დაამთავრა, თუმცა შემდეგ იგი კიდევ ხუთჯერ დააპატიმრეს. ახლა დორისი 90 წლისაა.

„მე არ ვნანობ ძვირფასეულობების მოპარვას. მე ვწუხვარ, რომ დამიჭირეს”,- აღიარა დორისმა დოკუმენტურ ფილმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები