“უახლოეს დღეებში ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე” – ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს ეხმაურება.

როგორც კობიაშვილი აღნიშნავს, 12 ნოემბერს განცდილი მარცხი ურთულესი იყო და დიდ მოლოდინთან ერთად დიდი იმედგაცრუებაც ვიწვნიეთ.

„ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.
მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა – გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობიაშვილმა.
მან ასევე გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ფედერაციის გეგმებზე მოკლედ ისაუბრა.
„უახლოეს დღეებში ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.
დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს – მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.
დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – დაწერა ლევან კობიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები