„საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“: არჩევნებზე დაკვირვების პროცესში რაიმე დარღვევა, ან დაძაბულობა არ დაფიქსირებულა

არჩევნებზე დაკვირვების პროცესში რაიმე დარღვევა, ან დაძაბულობა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ წარმომადგენლები აცხადებენ.
როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მარჯანიშვილმა განაცხადა, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ წარმომადგენლები არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აკვირდებოდნენ.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოში არსებულ ვითარებას და კონკრეტულად საარჩევნო პროცესებს. მიმდინარე საარჩევნო პროცესში „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ აწარმოებდა სადამკვირვებლო მონიტორინგს საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, შიდა ქართლის რეგიონში, კონკრეტულად გორში, იმერეთში, ჭიათურასა და ზესტაფონში, ასევე თბილისის ზოგიერთ რაიონში, სადაც ,მაგალითად, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ორგანიზაცია „მე დავბრუნდების“ ეგიდით და მანდატით დაკვირვებას აწარმოებდა 127 სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ დაკვირვების პორცესში რაიმე დარღვევა, ან დაძაბულობა არ დაფიქსირებულა. ჩვენი ხედვა და პრაქტიკული ანალიზი არსებითად ემთხვევა ეუთო/ოდირის , აშშ-ისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. „საქართველოს სტუდენური პარლამენტი“ აერთიანებს 5 000-ზე მეტ სტუდენტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა პოლტიკური ხედვა არ გახლავთ იდენტური, თუმცა ჩვენი სწრაფვა და სურვილები ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ევროპული მომავლისაკენ ის საერთო ნიშნულია, რაც გვაერთიანებს“, – განაცხადა მარჯანიშვილმა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ხატია სტეფანოვის თქმით, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ მზადაა, დაპრისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.
„საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებს, ერთად გავუფრთხილდეთ იმ საერთო მონაპოვარს, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა, პარტნიორი ქვეყნები და უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოება იმედის თვალით შეხვდა. ნუ დავუშვებთ იმ ახალი სისტემის დევალვირებას , რომელსაც შეუძლია, ქვეყნის პოლიტიკური კლასი არებითად გააჯანსაღოს და გააძლიეროს. აქვე გამოვთქვამთ მზაობას, ჩავერთოთ ყველა იმ პროცესში, რომელიც შექმნილი სირთულეების და გამოწვევების კონსტურქციული გზით მოგვარებას შეუწყობს ხელს და ქვეყანას არ შეიყვანს ჩიხში. „სტუდენტური პარლამენტი“ მზადაა, შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტუდენტების სახელით, რომლებიც ჩვენს უკან არიან“, – განაცხადა ხატია სტეფანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები