14 წლის ბიჭი, რომელიც სიკვდილით შეცდომით დასაჯეს – ჯორჯ სტინის ისტორია

მსოფლიო სასამართლოს ისტორია სავსეა გამოუსწორებელი შეცდომებით. ჯორჯ სტინი, 14 წლის აფროამერიკელი მოზარდი 1944 წლის 16 ივნისს სიკვდილით დასაჯეს ელექტროსკამზე იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ის ყველაზე ახალგაზრდა სიკვდილმისჯილია აშშ-ის ისტორიაში. ამ შემთხვევამ დიდი შავი ლაქა დატოვა მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის სასამართლო სისტემაზე.

ჯორჯ სტინი 1944 წელს დააპატიმრეს და ბრალი წარუდგინეს 8 წლის მერი ემა ტერეზისა და 11 წლის ბეთი ჯუნ ბინკინის გაუპატიურებისა და მოკვლისთვის. ბავშვების გვამები ტალახით სავსე ორმოებში იქნა აღმოჩენილი ქალაქ ალკოლუსთან ახლოს, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ცხედრების გაკვეთამ აჩვენა, რომ მერი და ბეთი სიკვდილამდე სცემეს მას შემდეგ, რაც გააუპატიურეს.

იმ დროს ალკოლუ, „შავ“ და „თეთრ” რაიონებად, რკინიგზის რელსებით იყო დაყოფილი. ტრადიციულად, აფროამერიკელებით დასახლებული ნაწილი გაცილებით ღარიბი იყო, იქ უმუშევრობა და მაღალი დანაშაული სუფევდა. გოგონებიც ზუსტად იმ რაიონში მოკლეს, სადაც აფროამერიკელები იყვნენ დასახლებული – ბავშვები იქ ველოსიპედებით მინდვრის ყვავილების მოსაწყვეტად იყვნენ მისული.

ერთადერთი მიზეზი ჯორჯ სტინის დასაპატიმრებლად იყო ის, რომ რამდენიმე მოწმემ ის გოგონებთან ერთად დაინახა, როდესაც გოგონები საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა, ჯორჯს ჰქონდა დამოწმებული ალიბი, რომლის თანახმადაც, მას არ შეეძლო იმ დროს გოგონებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. სასამართლო პროცესი სულ რაღაც 3 საათით გრძელდებოდა. ადვოკატის როლში საგადასახადოს კომისარი გამოდიოდა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. მოწმეების სახით, ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებმაც გოგონების ცხედრები იპოვეს და მედიკოსები, რომლებმაც ისინი დანაშაულის ადგილზე დაათვალიერეს.

პოლიციელები, რომლებმაც ჯორჯი დააკავეს, მოწმობდნენ, რომ მან დანაშაული აღიარა დაკავების დროს, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ფაქტი დოკუმენტურად დამოწმებული არ გახლდათ და პოლიციელებს სიტყვაზე ენდნენ. როგორც წესი და რიგია, აშშ-ის სასამართლოში გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს, რომელთა შორის არცერთი აფროამერიკელი არ იყო. ისინი მალევე დათანხმდნენ ბრალდების მხარეს და ბავშვს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ორი თვის შემდეგ, 1944 წლის 16 ივნისს ჯორჯ სტინი ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯეს კომისიისა და დაღუპული გოგონების მშობლების თვალწინ. სასამართლოს არქივებში დასჯის პროტოკოლებია შენახული, სადაც ნათქვამია, რომ მოზარდი ძალიან პატარა იყო სასჯელის იარაღისთვის. იმისთვის, რომ სიკვდილით დასჯა აღესრულებინათ, ბიჭუნა ბიბლიაზე დასვეს. 2014 წლის 17 დეკემბერს, 70 წლის შემდეგ ჯორჯის სიკვდილიდან, რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, კარმენ მელენმა უკვე აღსრულებაში მოყვანილი სიკვდილით დასჯა გააუქმა არსებული ნიუანსებიდან გამომდინარე. სტინის ოჯახის ადვოკატმა 2013 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოში აპელაცია შეიტანა და გაასაჩივრა წლების წინ მღებული გადაწყვეტილება, ჯორჯის უდანაშაულობის მოწმობის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები