„პომპეო ჩამოდის იმისთვის, რომ ქართველებს სტრატეგიული პარტნიორის დიდი ყურადღება კიდევ ერთხელ დაუდასტუროს” – ზაალ კასრელიშვილი

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში იმისთვის ჩამოდის, რომ ქართველებს სტრატეგიული პარტნიორის დიდი ყურადღება კიდევ ერთხელ დაუდასტუროს.
კასრელიშვილის შეფასებით, პომპეო არჩევნების პროცესებში გასარკვევადაც ჩამოდის.
„პომპეო ჩამოდის იმისთვის, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ დაუდასტუროს სტრატეგიული პარტნიორის დიდი ყურადღება, აღნიშნოს საქართველოს როლი და მნიშვნელობა გლობალური პოლიტიკური პროცესების ვექტორში. სულ ორი ვექტორი იქნება: ერთი გაივლის კავკასიაზე და მეორე – რუსეთზე. კავკასიაზე ვერავინ გაივლის ისე, რომ საქართველოში არ ჰქონდეს დალაგებული სიტუაცია.
ასევე, რა თქმა უნდა, ჩამოდის არჩევნების პროცესებში გასარკვევადაც. ერთიანი პროცესი აინტერესებთ: იყო თუ არა კონკურენტუნარიანი გარემო, ზეწოლებმა და დარღვევებმა რამდენპროცენტიანი გავლენა მოახდინა არჩევნებზე. თუმცა, ზოგადი წარმოდგენა უკვე მოვისმინეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლობისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა კონფლიქტი უნდა გადაწყდეს პარლამენტში“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა გარდამტეხი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების მომსწრენი ვართ.
„თუ გავითვალისწინებთ აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს, თამამად შეიძლება, ითქვს, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ბაიდენი და ტრამპი კი არ ებრძვიან ერთმანეთს, არმედ ლიბერალ- დემოკრატია და ნეოკონსერვატიზმი უპირისპირდება ერთმანეთს. მე მარტო ჩვენი თავი და უკრაინელები მეგონა ცანცარა, მაგრამ რომ ვუყურებ აშშ-ში მიდინარე პროცესებს, ტრამპისტები და ბაიდენისტები ერთმანეთს ქუჩაში როგორ ურტყამენ, როგორც ჩანს, მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ ამ დღეში. რამდენადაც ვიცით შიდა სამზარეულოდან, 300 000 გაყალბებულ ხმაზეა ლაპარაკი, ტრამპის ადვოკატთა კორპუსმა შეიტანა განაცხადი უზენაეს სასამართლოში. საკმარისია, გაყალბების 10 შემთხვევა დაფიქსირდეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, 7 შტატში გააუქმოს არჩევნების შედეგები და ხელახლა დანიშნოს არჩევნები. თუ განმეორებითი არჩევნები დაინიშნა, არც „დემოკრატიული“, არც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები დამკვირვებლები აღარ იქნებიან.
„რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ თუ „დემოკრატები“, საქართველოსთვის ამას არანაირი მნიშვენლობა არ აქვს. საქართველო დიდი ხანია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ქრისტიანობისა და მუსულმანური კულტურების კარიბჭეა. მისდამი კარგი დამოკიდებულება აღარ შეიცვლება. პირიქით, ძალიან სერიოზული დახმარება იქნება რეგიონში მიმდინარე პორცესების ფონზე. ასევე, არაფერი შეიცვლება რუსეთისთვის, რადგან არცერთი მაარე არ აპირებს, რუსეთს მოუხსნას სანქციები და თავზე ხელი გადაუსვას.
შეგვიძლია, ეს პროცესები გამოვიყენოთ ჩვენთვის მომგებიანად. ერდოღანმა თავის დროზე, ყარაბაღის მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე ბაქოში გააკეთა განცხადება, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესებია მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად დაასახელა ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი და ყირიმი. ყირიმთან დაკავშირებით უკვე შედგა ზელენსკისთან შეხვედრა. რამდენადაც ვიცით, მონახაზები არსებობს. ამ მიმართულებით უკრაინას დიდი წარმატება ელის. ეს იქნება ინგლისთან სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არ იქნება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვეულებრვი ხელშეკრულება. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ინგლისი ევროპის „მაყურებელი“ იქნება. თურქეთის აქტიურობა პირველ ეტაპზე მიმართული იქნება ყირიმის მხარეს თუ საქართველოში დაკონსერვებული კონფლიქტების მხარეს, ეს ჩვენთვის ჯერ უცნობია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ამერიკა და არა – თურქეთი. ეს პროცესი როდის დაიწყება და როგორ განვითარდება, ამას პომპეოს ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები