საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღის ომის დასრულებას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტი ,,ტვიტერში” წერს.
,,კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ მეგობარ აზერბაიჯანსა და სომხეთს ომის დასრულებას და მადლობა ყველა ჩართულ მხარეს, ფასილიტატორს. თანაგრძნობას ვუცხადებ ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა.