მამუკა სალუქვაძე: რასაც ვუყურე მთელს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ადრე გაცხადებულ ლოკაციებს, სადაც დაძაბულობას ელოდებოდნენ, არჩევნებზე არანაირი აშკარა დარღვევები არ მომხდარა
“არჩევნები ზუსტად ისე ჩატარდა იმ უბანში, სადაც ხმა მივეცი, როგორც ტარდება ხოლმე, თავისუფლად და დემოკრატიულად”, – ამის შესახებ ურბანისტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადრე გაცხადებული ლოკაციების გამოკლებით, არჩევნებზე არანაირი აშკარა დარღვევები და ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა.
“არჩევნები ზუსტად ისე ჩატარდა იმ უბანში, სადაც ხმა მივეცი, როგორც ტარდება ხოლმე, თავისუფლად და დემოკრატიულად. არანაირი იარაღანი, კარტოფილითა თუ ფულით სავსე ტომრიანი ხალხი იქ არ მდგარა და უკვე შემოხაზული ბიულეტენის ჩაგდება ჩემთვის არ უთხოვია. რასაც ვუყურე მთელს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ადრე გაცხადებულ ლოკაციებს, სადაც დაძაბულობას ელოდებოდნენ, არანაირი შფოთი და ზეწოლა (ქვეწოლაზე ვერაფერს მოგახსენებთ), არანაირი აშკარა დარღვევები და ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა. აი, ჩვენ მიერ მიცემული ხმები საარჩევნო უბნებზე, “ოცნების”, “ნაციონალების”, “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა კომისიის წევრებმა, აგრეთვე, ხმების დათვლისას იქ მყოფმა დამკვირვებლებმა, მაჟორიტარების წარმომადგენლებმა და რა ვიცი კიდევ ვინ, როგორ ითვალეს, რა უქნეს და ბალანსები როგორ ვერ დასვეს, ეს ნამდვილად სჯობს და უნდა გაირკვეს კიდეც ცესკოში და არა ფეისბუქში. და კიდევ ერთი, როგორც ვნახეთ, ხმების არასწორად დაფიქსირებით დაზარალდნენ მათ შორის ოცნების წარმომადგენლები და ეგ როგორაა, საკუთარ თავს გაუყალბეს, ამგვარი გაყალბება სადმე გაგიგიათ?”, – წერს მამუკა სალუქვაძე.