სად მდებარეობდა და როგორი იყო „თათრის მოედანი“ – ძველი, ძველი, ძველი თბილისი

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, „თათრის მოედანზე“ მოგიყვეთ და გაჩვენოთ, როგორაა დახასიათებული აღნიშნულ წიგნში ეს ძველთბილისური ადგილი.


„თათრის მოედანი“ – თითქმის ჩვენ დრომდე ასე ეწოდებოდა დღევანდელი გორგასლის მოედნის ადგილზე მდებარე თბილისის ერთ-ერთ უძველეს მოედანს. ვახუშტი ბაგრატიონი მას „ციხის მოედანს“, ხოლო ჟან შარდენი „სამხედრო მოედანს“ უწოდებდა. ორი უკანასკნელი სახელი ასახავდნენ მოედნის ადგილმდებარეობას. მოედანი უშუალოდ ესაზღვრებოდა კედელს, რომელიც კალას გამოყოფდა ქვემო ციხისაგან. მოედანს სხვა სახელები ჰქონდა: „ქვემო მოედანი“, „შეითნბაზარი“, „მეიდანი“, ამასთან გვიან ფეოდალურ ხანაში ეს სახელწოდებები პარარელურად იხმარება. ციხეში საუკუნეების მანძილზე დამპყრობლები – სპარსელები და ოსმალები იდებდნენ ბინას. შემდეგშიც ამ უბნის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სპარსელები შეადგენენ. აქედან უნდა მოდიოდეს ხალხში მიღებული სპარსელებისა და განზოგადებული სახელის „თათრის“ გადატანა მოედნის სახელწოდებაზე.

1800 წლის გეგმით თუ ვიმსჯელებთ, მოედანი სწორი მართკუთხა ფორმისა იყო, გრძივი ღერძით სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. მოედანზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, მეტეხის ხიდიდან, ირიბად შემოდიოდა ვიწრო ქუჩა. საერთოდ კი მოედანთან თავს იყრიდა მრავალი ქუჩა, რომლებიც მოედანს აკავშირებდნენ აბანოს კართან, შუა ბაზართან, ზარაფხანის უბანთან, რასტაბაზართან, კლდისუბანთან და სხვა.

მოედანზე, ძირითადად, სურსათ-სანოვაგიანი სავაჭროები იყო განლაგებული. მოედნის ჩრდილო-დასავლეთი მხარე ალაფხანას ეკავა, მოპირდაპირე მხარე – მეხაშეების რიგსა და სამეფო დუქნებს (ე.ი. დუქნები, რომლებიც მეფეს ეკუთვნოდა და იჯარით იყო გაცემული სხვა პირებზე). ამ რიგების უკან ,,ე.წ. ბერძენხანა, ანუ ბერძნების უბანი იყო წარმოდგენილი ცენტრში ბერძნული ეკლესიით. სამხრეთ-დასავლეთიდან მოედანზე გამოდიოდა ე.წ. ციხის დიდი საყდარი („სურფგეორქა“), რომლის წინ მენაბდეებისა და მექუდეების დუქნები იყო განლაგებული. ამ მხარეზე მოედანს ერწყმოდა ლილახანა (აწინდელი სამღებროს ქუჩა). ალაფების გარდა, მოედანზე იყვნენ განლაგებულნი ბაყლები, მეთევზეები, ყასბები (მოედნის უშუალო სიახლოვეს, მტკვრის ნაპირზე იყო სასაკლაო).

თათრის მოედანზე ვაჭრობის ერთ-ერთ საინტერესო წესს გადმოგვცემს ძველი თბილისის მცოდნე და მოტრფიალე იოსებ გრიშაშვილი: „თათრის მოედნის შუაგულში გამარათული იყო ყაფანი – დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ ქორვაჭრებს. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ ქორვაჭრებს. სრულ 12 საათზე დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებმიცემობა. (ი. გრიშაშვილი, ძველი თფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი, 1927, გვ. 12)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები