იქ მოხვედრისას გგონია, რომ სხვა პლანეტაზე მოხვდი… სხვადასხვა სახის თვითნაკეთი სასრიალოების ხედები, მეტალის ნაკეთობების ხმაური, რომელიც ბუნებას ერწყმის დრო, თითქოს, ჩერდება. ის, რაც, ერთი შეხედვით, რკინის ნაგავს ჰგავს, სინამდვილეში, ტყის სასწაულია.
1969 წლის 15 ივნისს ახალგაზრდა იტალიელმა, სახელად ბრუნომ, იყიდა ცოტა სოსისი, ლორი და ალკოჰოლი. სოფლის გზაზე მან პატარა დახლი გახსნა და გამვლელებს ჰოთ-დოგებსა და ღვინოს ჰყიდდა.
„ეს არაჩვეულებრივი დღე იყო – იხსენებს ბრუნო. – მე ვიყიდე ორი კათხა წითელი და შავი ღვინო, 5 ან 6 კილოგრამი ჩვეულებრივი სოსისი, საჭმელებიანი პარკი ხეზე ჩამოვკიდე, ხოლო ქვევით „გრილი“ დავდგი. მაინტერესებდა, ვინმე მაინც თუ მოვიდოდა. მე აბრაც კი არ მქონდა. რაღაც დროის მერე ორი ბიჭი მოვიდა. ერთ-ერთმა იკითხა: „რა არის ეს“ – მე კი მას ვუპასუხე: „როგორ თუ რა?! რესტორანი! თქვენ კი, ჩვენი პირველი სტუმრები ხართ.“
ბრუნოს თავისი ბიზნესის დიდი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ დღის ბოლოს საჭმელი და ღვინო გათავდა, ყველაფერი გაიყიდა.
მაშინ დამწყებ რესტორატორს გიჟური იდეა მოუვიდა თავში – გაეხსნა საკუთარი დუქანი ტყეში. მოპირკეთებისთვის ბრუნოს მეტალის ნაკეთობები დასჭირდა, რაც ახალგაზრდა ადგილობრივ მჭედელს შეუკვეთა. შეკვეთა ძალიან პატარა აღმოჩნდა და მჭედელმა უარი უთხრა მის შესრულებაზე.
„ის მჭედელი დღემდე მახსოვს. ახლა მას ძეგლსაც დავუდგამდი. მან მითხრა: „თუკი შენთვის შეჭედვა ნაცნობია, აი, იქ არის აპარატი, დადექი და შენ თვითონ გააკეთე”. იმ საღამოს თვალების გახელასაც ვერ ვახერხებდი, იმდენად მტკიოდა. ჭედვამ ძალიან გამიტაცა“.
შემდეგ ბრუნომ გადაწყვიტა, ხელობა კარგად ესწავლა. მუშაობის პროცესში ახალგაზრდას კიდევ ერთი გენიალური იდეა ეწვია – მოუნდა მარტოს აეშენებინა გასართობი პარკი. 40 წლის მანძილზე რესტორატორი ხელნაკეთ სასწაულს ქმნიდა. ამ დროის განმავლობაში, მისი პატარა რესტორნის ირგვლივ გაჩნდა სასრიალოები, საქანელები, ბატუტები, ვაგონები რელსებზე, ზიპლაინები. ყველა მათგანი ბრუნომ საკუთარი ხელით შექმნა. ის ახლაც აგრძელებს ახალი „ატრაქციონების“ შენებას დიდებისა და პატარებისთვის.
„როდესაც ატრაქციონი მზად არის და ვიცი, რომ ის კარგად იმუშავებს, ღამით გამოვდივარ და უბრალოდ ვუცქერ. მე ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ”,- ამბობს ბრუნო.
2013 წელს იტალიურმა სააგენტო Fabrico-მ ბრუნოსა და მის პარკზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ის მხოლოდ 11-წუთიანია, მაგრამ თქვენ აუცილებლად მოგინდებათ მისი ნახვა.