ირლანდიელი პოეტის, ჯეიმს ო’ლირისა და სოფიო მეტრეველის ამბავი
სოსიკო მერკვილაძის წიგნების მაღაზიაში საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი იყრიდა თავს. მოდიოდნენ თბილისში ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც პატივს სცემდნენ ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებას. სწორედ ამ მიზეზით შეივლიდა ხოლმე წიგნის მაღაზიაში ჯეიმს ო,ლირი – ირლანდიელი პოეტი. ბევრი ფაქტის დაზუსტება ჭირს, რადგან საქართველოში ჯეიმს ო’ლირის ცხოვრებისა და შემოქმედების მეტად მწირე ინფორმაცია მოიპოვება.
ლეგენდად ქცეული ამბავი გვიამბობს, რომ მერკვილაძის მაღაზიაში ჯეიმს ო’ლირმა ულამაზესი ქართველი ქალი სოფიო მეტრეველი დაინახა და ერთი დანახვით შეუყვარდა. სოფიოს კი სხვა მამაკაცი ჰყავდა ოცნებად ქცეული – ვანო სარაჯიშვილი.
1906 წელს სარაჯიშვილი იტალიაში გაემგზავრა. თბილისი რომანტიკული ამბების ქალაქი იყო და ვინ იცის, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, სადღაც ითქვა, რომ ვანო სარაჯიშვილს იტალიელი ქალი შეუყვარდაო… მერე ჭორმა იარა, იარა და ბოლოს სრულიად არარეალური სახე მიიღო: ქართველმა მგალობელმა იქორწინა და შვილიც შეეძინაო. დადარდიანდა მშვენიერი სოფიო. ჯეიმს ო’ლირმაც დრო იხელთა და ცოლობა სთხოვა. სასოწარკვეთილი ქალი დასთანხმდა… ორი ვაჟი შეეძინათ. თუმცა ქორწინებას ბედნიერს ვერ დაარქმევდით, რადგან როცა ვანო სარაჯიშვილი უცოლოდ დაბრუნდა იტალიიდან და უკვე უცხოეთში მყოფ სოფიოს მისწერეს ეს ამბავი, ისე იდარდა, ავადაც კი გახდა…
როგორც ჰყვებიან, ჯეიმს ო’ლირი, თავისი ორი ვაჟით, გემ „ტიტანიკზე“ იმყოფებოდა. კატასტროფას მამა ემსხვერპლა, შვილები კი გადარჩნენ.
სოფიო მეტრეველი საქართველოში აღარც დაბრუნებულა, იგი ირლანდიაში აღესრულა…
წყარო: ფოტო ამბები • Photo Stories