საჭიროა, რომ იგი მთელი სისასტიკით დაისაჯოს – ძმა ძმის წინააღმდეგ (1937 წელი, საბჭოთა კავშირი)

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათ წარსულსა და მომავალსაც გადაავლებთ თვალს. ეს კონკრეტული ისტორია კი ორ ძმას, თედორე (სოსო) და პავლე ბუაჩიძეებს უკავშირდება. მიუხედვად იმისა, რომ პავლე ბუაჩიძემ საკუთარი ძმა გაწირა, ამან ის მაინც ვერ გადაარჩინა.

მოკლედ, წერილი ასეთი იყო:


“საქ. კ.პ.ც.კ. მდივანს, ამხ. ლ.პ. ბერიას

საქ. კ. პ. ვანის რაიკომის მდივნის, პ. ბუაჩიძის

განცხადება

თქვენთვის ცნობილია, რომ სოსო ბუაჩიძე იყო ჩემი ძმა, რომელიც აღზარდა კომუნისტურმა პარტიამ, დაამთავრებინა აკადემია, დანიშნა და ჩააბარა მას დივიზია, პარტიამ და ხელისუფლებამ ორი ორდენი მისცა, აირჩია საკავშირო ცაკის წევრად და ყოველივე ამის შემდეგი იგი გამომჟღავნებული იქნა როგორც ხალხის მტერი, სამშობლოს მოღალატე. საჭიროა, რომ იგი მთელი სისასტიკით დაისაჯოს, ვინაიდან მტრების მიმართ, როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლის უნდა დაუნდობელნი ვიყოთ. ეს სასჯელი სოსო ბუაჩიძემ, როგორც სამშობლოს მოღალატემ და ხალხის მტერმა დაიმსახურა და მე ეჭვი არ მეპარება რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების მტრობისა და სამშობლოს ღალატისთვის საკადრის რევოლუციურ პასუხს მიიღებს.

მე, როგორც მის ძმას მქონდა თუ არა კავშირი მასთან? არა, არავითარი კავშირი მე მასთან არ მქონია, გარდა იმისა, რომ მე და იგი ერთი დედის შობილნი ვართ. დაე წყეულ იქნეს იგი როგორც სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერი.

ლავრენტი პავლეს ძევ! მე არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, მიუხედავად იმისა, რომ სოსოსთან მე არავითარი კავშირი არ მქონდა, რომ მე ვმუშაობდე პარტიულ სამუშაოზედ. რაიკომის მდივანი – მისი ძმა ხალხის მტერი… არაა ეს ამბავი პოლიტიკურად გამართლებული, თუმცა ძმა მეორე ძმის მოქმედებაზე პასუხს არ აგებს. ამის გამო, ამხანაგო ლავრენტი, დაბეჯითებით გთხოვთ, განმათავისუფლოთ რაიკომის მდივნის მოვალეობიდან და გადმომიყვანოთ საბჭოთა ან სამეურნეო სამუშაოზედ.

საქ. კ. პ. ვანის რაიკომის მდივანი, პ. ბუაჩიძე. 7.VIII.1937.”


პარტიული და სამხედრო მუშაკი, ფრუნზეს სახელობის საქართველოს 63-ე სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაური, თედორე (სოსო) ბუაჩიძე დააკავეს 1937 წლის 30 ივლისს და ბრალად წაუყენეს კონტრრევოლუციურ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.

1955 წელს, თბილისში გამართული 1937-1938 წლების რეპრესიების მონაწილე მაღალჩინოსნების საჯარო სასამართლო პროცესის მასალებიდან დადგინდა, რომ თედორე (სოსო) ბუაჩიძე სასტიკად აწამეს და სცემეს დაკითხვის დროს და იგი მეორე დღეს გარდაიცვალა (შინსახკომის ოფიციალური ვერსიით, ბუაჩიძე გარდაიცვალა 1937 წლის 6 აგვისტოს, გულის უკმარისობით).

1937 წელს პავლე მოსეს-ძე ბუაჩიძეც დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ 1935 წლის 16 მაისიდან იყო მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი და ვანის რაიონში მოქმედი კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იყო რა ამავე რაიონის რაიკომის მდივანი. კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში ჩართვის პირველივე დღიდან, კ/რ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ამბერკი კეკელიას პირდაპირი დავალებით ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას და სულ გადაიბირა 8 ადამიანი. ასევე, ეწეოდა მავნებლობას სოფლის მეურნეობაში ამავე რაიონში. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას კოლმეურნეთათვის მიწების გამოყოფის საკითხში და პროდუქტიული საქონლის ნორმებთან დაკავშირებით, რითიც გამოიწვია დიდი უკმაყოფილება კოლმეურნეთა შორის, რამაც შექმნა პროვოკაცია კომპარტიის წინააღმდეგ.

საქმე 1937 წლის 31 დეკემბერს განიხილა შინსახკომის გასაკუთრებულმა სამეულმა გოგლიძის, წერეთლის და ტალახაძის მონაწილეობით, საქმის მდივანი მოროზოვი იყო. ბრალდებულს მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით.

პავლე ბუაჩიძე დახვრიტეს 1938 წლის 2 იანვარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები