სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია – თბილისის ლიტერატურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
„ფეისბუქჯგუფში“ ფოტო ამბები • Photo Stories ძველი თბილისის შესახებ არაერთი საინტერესო ისტორია და ფოტოსურათი ქვეყნდება ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი ისტორია სოსიკო მერკვილაძის მაღაზიის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც თბილისის ლიტერატურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ.
მოკლედ, ამბავი ასეთია:
ქაშვეთის ჩასახვევში, წმინდა გიორგის ქუჩაზე (ჯორჯიაშვილის ქუჩა) ბუკინისტები ბინადრობდნენ. მათ შორის იყო სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია „ცოდნა“.
თავიდან სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღთან, მაშინდელი წმინდა გიორგის ქუჩაზე ფართლეულის მაღაზია ჰქონდა. მას და მის ძმას იაპონური ქსოვილები ჩამოჰქონდათ და ყიდდნენ. სოსიკოს მეუღლე კი, გოგონებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.
1897 წელს აკაკი წერეთელმა დააარსა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“, რომლის მიზანი და დანიშნულება იყო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, აღნუსხვა და გამოქვეყნება. აკაკის ლამის მთელი თბილისი ჩაურთავს ამ საქმეში, ყველას თავისი კუთხის ზეპირსიტყვიერების და ეთნოგრაფიის მასალებს სთხოვდა. ამ საქმემ ძალიან გაიტაცა ფართლეულის მაღაზიის მეპატრონე – სოსიკომაც დიდი მონდომებით დაიწყო მასალების შეგროვება. სწორედ „აკაკის თვიური კრებული“ გახდა ბიძგი და სოსიკო მერკვილაძემ წიგნების გამოცემას მიჰყო ხელი. ფართლეულის მაღაზია წიგნის მაღაზიად გადააკეთა და უწოდა „სოსიკო მერკვილაძის გამომცემლობა, წიგნის მაღაზია „ცოდნა“.
„ცოდნა“ დიდ საქმეს აკეთებდა, გამომცემლობაში აკაკის, ილიას, გრიგოლ ორბელიანის, იასე რაჭველის, ივანე მაჭავარიანის, თედო სახოკიას, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნიკო ლომოურის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა წიგნები იბეჭდებოდა… სოსიკო ამავდროულად მწერლების დიდი ქომაგი და დამხმარეც გახლდათ… აკაკი გამორჩევით უყვარდა. საქართველოს უგვირგვინო მეფეს სოსიკოს ბინაში ოთახი ჰქონდა მიჩენილი. ცნობილია, რომ აკაკის ცისფერი განსაკუთრებულად მოსწონდა და ამიტომაც ოთახიც ცისფრად შეაღებვინა, ცისფერი ფარდა-ხალიჩებით და ინტერიერით მორთო. როდესაც აკაკი დედაქალაქში ჩამოდიოდა, თვეობით რჩებოდა მათთან. ეს არ იყო უბრალო სტუმარმასპინძლობა, ეს დიდი სიყვარული გახლდათ. აკაკიმ სოსიკო მერკვილაძე თავისი ქონების მეურვედაც კი დანიშნა. ცნობილია, რომ აკაკის ხშირად გროშიც არ ჰქონდა, მეგობრების დახმარებით გადიოდა ფონს. მისი სოსიკოსადმი მიწერილი წერილი კაცური მეგობრობის ზენიტია: „ახლა შენ იცი: ძმა ძმისთვისაო და შავი დღისთვისაო. თუ სხვა არაფერი გექნეს დასაგირავებელი, თავი დაიგირავე და, რამდენიც შეიძლო, მომაწოდე“. ცხადია, სოსიკო უკან არ დაიხევდა და უკანასკნელს გაიღებდა მეგობრის დასახმარებლად.
სოსიკოს მაღაზიაში საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი იყრიდა თავს. მოდიოდნენ თბილისში ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც პატივს სცემდნენ ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებას.
მაღაზია “ცოდნაში” თბილისის უმნიშვნელოვანესი ამბები იბადებოდა, იკვეთებოდა ადამიანების ბედი, აქ შეივლიდნენ ხოლმე ქართველი კლასიკოსები ისე, როგორც ძალიან შინაურ გარემოში…
ეს არ იყო მარტო წიგნის მაღაზია – ეს თბილისის მშვენება გახლდათ.