„რთული იქნება ჩვენი საქმიანობის გაგრძელება“, – კერძო ბაღები და სკოლები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ
კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია „მნათის“ ხელმძღვანლის, გიგი სისვაძის განცხადებით, კოვიდპანდემიამ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები განსაკუთრებულად დააზარალა.
როგორც სისვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს სექტორი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა და სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ითხოვს.
„ყველაზე მეტად კოვიდპანდემიის შედეგად კერძო საგანმანათლებლო სექტორი დაზარალდა, რადგან საგანმანათლებლო პროცესი გაჩერდა. განსაკუთრებულად ბაღები დაზარალდნენ, რადგან თავიანთ ბენეფიციარებს თუნდაც დისტანციურ სწავლებას ვერ სთავაზობენ. დაახლოებით 8 თვეა, რაც ეს სექტორი მთლიანადა გაჩერებულია, არანაირი შემოსავალი არ შესდით. ამის უკან დგანან ოჯახები, დასაქმებული ადამიანები, ის მოიჯარეები, რომელთაგანაც ფართები გვაქვს აღებული. ეს ეკონომიკური პრობლემები ძალიან მნიშვნელოვნად აზარალებს ამ სექტორს. ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ სექტემბერში სწავლა განახლდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაქსიმალური ფინანსები ჩავდეთ, რათა დაგვეკმაყოფილებინა ის კრიტერიუმები, რასაც კოვიდპანდემიიის გაიდლაინები ითვალისწინებს. აქ უნდა გაანალიზდეს ის გარემოება, რომ ჩვენ ვართ კერძო სექტორი, განსხვავებით საჯარო სკოლებისა და ბაღებისგან, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. მათ ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.
შეიძლება, ითქვას, რომ ეს სეგმენტი კოლაფსშია მოქცეული. თუნდაც 12 ოქტომბერს რომ აღდგეს საგანმანათლებლო პროცესი, ძალიან რთულია, დავუბრუნდეთ იმ ეკონომიკურ ნიშნულს, რა ნიშნულშიც პანდემიამდე ვიყავით. ბევრმა ფართები დაკარგა, ბევრმა – ბენეფიციარები, რადგან კერძო ბაღებიდან ბავშვების საჯარო ბაღებში როტაციები დაიწყო“, – განაცხადა გიგი სისვაძემ.
მისი თქმით, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობის გასაგრძელებლად ბიუჯეტიდან მხარდაჭერა და სუბსიდირება სჭირდებათ.
„სახელმწიფოს, უწყებათაშორის კომისიას, ბიზნესომბუდსმენს, სახალხო დამცველს გავუგზავნეთ წერილი, ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას. აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები და ამ ეკონომიკურ სექტორს აღმოუჩინოს მხარდაჭერა. ჩვენ წლების მანძილზე ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით. ჩვენ სწორედ ახლა გვჭირდება ბიუჯეტიდან მხარდაჭერა და სუბსიდირება, რომ ჩვენი საქმიანობის გაგრძელება შევძლოთ. თუ ამ პროცესში სახელმწიფო არ დაგვეხმარება, ეს სექტორი ძალიან დაზარალდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბიუჯეტის გადასახადები გვიწევს: გვაქვს საშემოსავლო, ქონების გადასახადი, რაც მცირე არაა. 8 თვიდ მანძილზე არ გვიმუშავია და საგადასახადო ამ გადასახადს გვთხოვს. გარდა ამისა, არის სესხების პრობლემა ბანკებთან.
თუ სახელმწიფო არ მიიღებს დაუყოვნებლივ ზომებს, არ მოვილაპარაკებთ ან სუბსიდიაზე ან შეღავათებზე, რთული იქნება ჩვენი საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა სისვაძემ.
საბავშვო ბაღ „იავნანას“ ხელმძღვანლის, სალომე ჭანტურიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ საშემოსავლო გადასახადს თუნდაც 1 წლით გადაავადებენ.
„ჩვენ სტანდარტებს, რეგულაციებს ვაკმაყოფილებთ. გავიარეთ შემოწმება, უკვე დადებითი პასუხიც მივიღეთ. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 12 რიცხვში აპირებენ ჩვენს გახსნას. მოხარულები ვართ, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რაც მოუგვარებელი რჩება. ბავშვების ნაკადი, ფაქტობრივად, გაგვინახევრდა. ძალიან გაგვიჭირდება იჯარის გადახდა, პერსონალის ხელფასების გადახდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა. თუნდაც 1 წლით რომ გადაგვიწიონ საშემოსავლო გადასახადი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ჭანტურიშვილმა.