ლომბარდ სთრითი – „ყველაზე მრუდე ქუჩის“ ისტორია (ფოტო, ვიდეო)
ლომბარდ სთრითი, რომელიც კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში მდებარეობს, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო და მრუდე ქუჩა მკვეთრი მოსახვევებით. ეს გახლავთ 27%-იანი დაღმართი, რომელზე მოძრაობის რეკომენდებული სიჩქარე 8კმ/სთ-ია (თუმცა, სინამდვილეში, ის არათუ მსოფლიოს, არამედ სან ფრანცისკოს ყველაზე მრუდე ქუჩაც კი არ არის. ეს პატივი ვერმონტის ქუჩას ეკუთვნის, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით).
ლომბარდ სთრითი სან ფრანცისკოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს. რასაკვირველია, ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაც სწორედ ლომბარდ სთრითზე მდებარეობს.
მნახველების უმეტესობას საგონებელში აგდებს ის ფაქტი, თუ რატომ არის ქუჩა ასეთი მრუდე. რადგანაც იგი ბუნებრივად ციცაბო იყო, გადაადგილებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. 1920-იან წლებში გადაწყდა, რომ ხელოვნურად შეექმნათ ე.წ. ამერიკული მთები, რაც ქუჩას ესთეტიკურად უფრო მიმზიდველს გახდიდა და ავტომობილითა თუ ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასაც უფრო მეტად უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში შემოვიდა აქტიურად ავტომობილები და ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ შეეძლოთ, საკუთარი გადასაადგილებელი საშუალებები – ცხენები ავტომობილებით ჩაენაცვლებინათ. ამან ქუჩაზე მდებარე უძრავ ქონებას დაუკარგა კიდეც ღირებულება, სანამ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიიღეს.