რა საერთო აქვთ ბორჯომის „ფირუზასა“ და თბილისის „ალმასის სასახლეს“?

ბორჯომის პარკთან გამორჩეული არქიტექტურის, აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი შენობა დგას. ეს ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“.

დაკვირვებული თვალი მის ფასადზე შენიშნავს წარწერას: „1892 MIRZA RIZA KHAN“. ანალოგიურ წარწერას  თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სახლის ფასადზეც წააწყდებით. საქმე ისაა, რომ სახლი ჭონქაძეზე და ბორჯომის „ფირუზაც“ ერთსა და იმავე პიროვნებას, სპარსეთის გენერალურ კონსულს საქართველოში, მირზა რეზა ხანს ეკუთვნოდა.

ჭონქაძეზე მდებარე შენობა, თავდაპირველად, გერმანელი ინჟინრის საკუთრება ყოფილა. მირზა რეზა ხანმა სახლი მე-19 საუკუნის მიწურულს შეიძინა და სპარსელი ოსტატების მეშვეობით, შენობის ინტერიერი და ფასადი, თითქმის, მთლიანად შეცვალა.

„ალმასის სახლის“ ოფიციალური  გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გრანდიოზული ზეიმით აღინიშნა. რეზა ხანმა ცერემონია ირანის შაჰის დაბადების დღეს დაამთხვია. გენერალური კონსულის ბრძანებით, ზეიმისთვის მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოაწყეს, რომ იქედან წყლის ნაცვლად კახური წითელი ღვინო მოედინებოდა. სტუმრები ღვინოს პირდაპირ აუზიდან სვამდნენ. ამისთვის აუზის ოთხივე მხარეს აკაციის ყვავილის ფორმის ხის ბრჯენები დაამაგრეს და ზედ უზარმაზარი გოვზა მოათავსეს, რომელშიც ოთხი ათასამდე ბოთლი ღვინო ეტეოდა. გოვზა, კაუჩუკის მილებით, შადრევნის მილს უერთდებოდა და ონკანის გახსნისთანავე აუზი ღვინით ივსებოდა.

ჰაერში ასობით ჩინური და იაპონური ფარანი ეკიდა და აუზსა და მასში წითლად მოლივლივე ღვინოს ანათებდა. მთაწმინდაზე საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს ფეიერვერკი მოეწყო.

საღამოს მთავარმმართებლის სამხედრო ორკესტრი და ირანელი მუსიკოსი, აბდ ალ-ბაყი აფორმებდა. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ თბილისის გუბერნატორს, გიორგი შერვაშიძეს მირზა რეზა ხანისთვის ასეთი რამ უთქვამს: „ამ საღამოს  ვირწმუნე, რომ მუჰამედის დაპირებული სამოთხე მართლაც არსებობს და ის აქაურობის მსგავსია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები