არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძესთან ერთად, ხილის გადამამუშავებელ კომპანიაში “გსქ კულა” იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.
გსქ კულა” არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა.
„დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული გადამამუშავებელი სექტორის მდგომარეობა, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია, რაც, ერთი მხრივ, პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს და კონკურენტუნარიანს ხდის, მეორე მხრივ – ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე”, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
კომპანიის დირექტორის, ივანე გოგლიძის განცხადებით, “გსქ კულა” პროგრამის დაწყებიდან ჩაერთო ვაშლის ჩაბარების პროცესში. უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი ვაშლი. საწარმო იბარებს როგორც არასტანდარტულ, ისე – სტანდარტულ ვაშლს. კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის  გადამუშავების სიმძლავრე აქვს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები