„ასეთი დღეები რაჭას ძალიან უხდება“ – ამბროლაურში დიდგორობასა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ამბროლაურის ცენტრალურ პარკში,  ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ორგანიზებით, დიდგორობასა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე  ზრდასრულთა განათლების ცენტრში არსებული კურსების ბენეფიციართა ნაკეთობების გამოფენა და ამ ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული ბენდის პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიებას ამბროლაურის მერი – ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.

როგორც ზვიად მხეიძემ „რეგიონულ კვირას” განუცხადა, ახალგაზრდობა, რომელსაც დღევანდელი დღე მიეძღვნა, მთავრობის საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამბროლაურში ზრდასრულთა განათლების ცენტრის არსებობაც ამის დასტურია.

“საქართველოს 8 რეგიონში 12 ზრადსრულთა განათლების ცენტრია და მათ შორის ერთერთი ამბროლაურშია. ასეთი სეგმენტის არსებობა მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონებისთვის, რათა ადამიანებმა ნებისმიერ ასაკში მიიღონ მათთვის სასურველი პროფესია. ზრდასრულთა განათლების ცენტრს დაარსების დღიდან გვერდში ვუდგავართ და დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ საინტერესო საღამო“, -განაცხადა ამბროლაურის მერმა.

როგორც ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი,  ნანა სოხაძე განმარტავს, ღონისძიება დიდგორობასა და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ბენეფიციარებმა ერთად მოუყარეს თავი იმას, რაც პანდემიის პერიოდში დაამზადეს.

„დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციართა მიერ შექმნილი ნამუშევრები: თექა, ხელნაკეთობები, ფარდაგები და ასევე შედგა ჩვენი ბენდის დებიუტი, რომელმაც ამბროლაურელთა და აქ მყოფი სტუმრების მოწონება დაიმსახურა”, – ამბობს ნანა სოხაძე.

ღონისძიებას, ადგილობრივებთან ერთად, რაჭაში მყოფი სტუმრებიც ესწრებოდნენ. როგორც ერთერთმა სტუმარმა აღნიშნა, ამ მძიმე პერიოდში – მაშინ, როცა ეპიდემია კვლავ გვიტევს, ასეთი ღონისძიებები განსაკუთრებით სასიამოვნოა.

„ რაჭის სტუმარი ვარ, თბილისიდან ჩამოვედი, რაც მეტი იქნება ასეთი განმტვირთავი ღონისძიება, მით უკეთესი. ეს ყველაფერი რაჭას ძალიან უხდება“, – ამბობს რაჭის სტუმარი.

ღონისძიება ყველა რეკომენდაციის გათვლისწინებით ჩატარდა. ცენტრალური პარკის შესასვლელში რიგდებოდა ცენტრის მიერ შეკერილი პირბადეები, ტარდებოდა თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო პროცედურები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები