ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიცია და იშვიათი აღმოჩენები
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერებმა ახალი ნამოსახლარი გამოავლინეს, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.
არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი არგვეთი პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით ახორციელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტუტი ხანის რკინის იარაღით დასტურდება.
„ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა.
განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკუნეებისთვის
დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა.
წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა..
ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით.
განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარანი იშვიათ აღმოჩენათა რიგს განეკუთვნება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.