“არ ვითანამშრომლოთ ამ არხთან, სანამ მისი დირექტორი არ გამოვა და საჯაროდ არ მოუხდის ბოდიშს შაქარაშვილის ოჯახს”

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს თანადგომას უცხადებს და ამ ტრაგედიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავავშირებით სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ამ მიმართვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„ნაცრეჟიმისგან” რეპრესირებული ოჯახების მიმართვა საზოგადოებას. გვსურს, ბოლო დროს განვითარებულ სრულიად შოკისმომგვრელ და ამორალურ მოვლენებს გამოვეხმაუროთ, რომელიც უდიდესი ტრაგედიის ირგვლივ მიმდინარეობს, ტრაგედიის, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, უცოდველი ბიჭის სიკვდილმა გამოიწვია, გული ატკინა თითოეულ ადამიანს და დაზაფრა მთელი საზოგადოება.

ჩვენთვის, წერილის ავტორებისთვის ეს გრძნობა, სამწუხაროდ, ძალიან კარგად ნაცნობია, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც შენი გაჩენილი სიცოცხლე, შენი ცხოვრების საზრისი კვდება.

დღეს გიორგი შაქარაშვილის ოჯახი სწორედ ამ უმძიმეს ემოციებშია და, ამ ფონზე, სრულიად შოკისმომგვრელია იმ ეგრეთწოდებული მედიასაშუალების ქმედებები, რომლებიც რევანშმოწყურებული დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორებს ეკუთვნით.

სამწუხაროდ, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ გვანახა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ისეთი პერსონები, რომელთათვის სიცოცხლე, ოჯახი და ელემენტარული მორალი ღირებულებას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელია, როდესაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახისგან ეს პერსონები პოლიტიკურ დღის წესრიგში ხელშეწყობას ითხოვენ და ამ სიბინძურეში არმონაწილეობის, საკუთარი შვილის ტრაგედიის, მათ საჯიჯგნად არქცევის გამო ოჯახს წარმოუდგენელ სიბინძურეებს აბრალებენ და, თანადგომის ნაცვლად, ოჯახის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით არიან დაკავებულნი. ამ არსებებს რა სახელი შეიძლება, ვუწოდოთ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ამ ჯგუფის მანიაკალურ ამორალობას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნებით თუ უნებლიედ იზიარებს. ეს არის პირდაპირი სიმპტომი, რომ ჩვენს საზოგადოებაში რაღაც წესრიგში არ არის, რომ მოვწყდით რეალობას და ვკარგავთ მორალურ საყრდენს.

ჩვენ ვერ ვიქნებით მართლები საკუთარ თავთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენი შვილების სულებთან, ვერ ვიქნებით მართლები ჩვენს მომავალთან, თუ ვიღაც ნაძირლებს უფლება მივეცით, ასეთი შოკისმომგვრელი უცენზურობით მოეპყროს ოჯახს, რომელმაც 19 წლის, უცოდველი ბავშვი გაასვენა სახლიდან.

მოგმართავთ მშობლები, რომლებსაც იმ რეჟიმმა დაგვიხოცა შვილები, რომელსაც დღეს ტელეწამყვანად და ტელეგამომძიებლად ტრანსფორმირებული პროკურორ-ჟურნალისტი წარმოადგენს. ის ჟურნალისტი და ჟურნალისტები, რომლებიც დღეს იარაღით ვეღარ კლავენ ჩვენს შვილებს, რომლებიც სახელისუფლებო ბერკეტებით ვეღარ ებრძვიან ირინა ენუქიძეს, მაგრამ რომლებიც დღეს ტელეეთერებიდან ყოველდღე ხელახლა კლავენ გიორგი შაქარაშვილს და გულს გლეჯენ მის ისედაც გულმკვდარ მშობლებს.

მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ყველა დედას, ყველა მშობელს, ყველა შვილს, თუ ჩვენს ქვეყანას და ხალხს რაიმე ღირსება შეგვრჩა, რაიმე პერსპექტივა გვაქვს, არ დავუშვათ ეს წარმოუდგენელი უმსგავსობა და დავანახოთ ადამიანური მოდგმის ყველაზე ბნელი და ბინძური მხარის ამ წარმომადგენლებს, რომ ჩვენ არ ვართ ის საზოგადოება, სადაც მათ ვინმე ასე მოქცევის უფლებას მისცემს.

ერთადერთი ბერკეტი, რაც დღეს ჩვენს ხელშია, არის პროტესტი, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არცერთმა ადამიანმა, ჩვენი საზოგადოების არცერთმა წევრმა, ვისაც ელემენტარული მორალი და თანაგრძნობის განცდა შერჩენილი გვაქვს, არ ვითანამშრომლოთ ამ არხთან და არ ვუყუროთ ამ ტელევიზიას, არასდროს არ გადავრთოთ მასზე, სანამ მისი დირექტორი არ გამოვა და საჯაროდ არ მოუხდის ბოდიშს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.

ასევე, მოვუწოდებ თითოეულ ხელოვანს, თითოეულ ექსპერტს, პოლიტიკოსს, ექიმსა და ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც შეიძლება, შეხება ჰქონდეს ამ ამორალურ ტელევიზიასთან, ნუ მიხვალთ ამ ტელევიზიაში და ნუ მისცემთ კომენტარს მათ ნურცერთ საკითხზე, სანამ არ მოვისმენთ სინანულს და ბოდიშს მათი დირექტორის მხრიდან.

რაც დღეს ხდება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართ და მთლიანად ამ ტრაგედიის გარშემო, ჩვენ ეს თუ დავუშვით, თუ ამას თავისი სახელი არ დავარქვით, ჩვენ საზოგადოებად ვერასდროს შევდგებით!

კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანადგომას გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საზოგადოებაში ისეთები ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოვჩნდებით, ვინც ამ ადამიანების ტკივილს გაიზიარებს, დაეხმარება მძიმე წუთების გადატანაში და არ დაუშვებს მათ მიმართ წარმოუდგენელ სიბინძურეს, ვიდრე – პირიქით. ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე, ჯამბულ გამცემლიძე, მანანა ვაზაგაშვილი, თამაზ მოლაშვილი, ლია კრიალაშვილი, გოგი ენუქიძე“, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები