„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის რედაქცია ასახავს იმ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოხატა”
“დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს ან 34-ე და 35-ე მუხლებს”, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს განიხილავენ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონს ემატება 46-ე პრიმა მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს ან 34-ე და 35-ე მუხლებს. დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ანუ გაფრთხილება და სამი სანქცია არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კომპანიამ ის მითითებები და ის დარღვევები გამოასწოროს, რომლებიც მას ჩადენილი აქვს და არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში ხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება.
„დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში მოხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებითი მმართველი შეწყვეტს უფლებამოსილებასა და ფუნქციონირებას. რედაქცია, რომელიც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.