16 ივნისი სოსო სიგუას დაბადების დღეა
16 ივნისს, დაბადების დღეს აღნიშნავს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, სოსო სიგუა.
დაიბადა 1949 წლის 16 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ ნაჯახაოში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1971 წელს კი – თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ეწევა სამეცნიერო მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 38 წიგნი ქართულ და რუსულ ენებზე, 500-მდე სამეცნიერო და პუბლიცისტურ-პოლიტიკური სტატია, არის 16 საკანდიდატო და 9 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-ხელმძღვანელი, 80 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი.
„მწერლის გაზეთის“ მთავარი რედაქტორი სხვადასხვა ეროვნული აკადემიების წევრია. საქართველოს სახელმწიფო, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, პავლე ინგოროყვას პრემიების ლაურეატია, მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პრემია „საგურამო“, არის მარტვილის საპატიო მოქალაქე.