ირაკლი კობახიძე: საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ვერ გააფუჭებს

„ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯერ ხალხის ხარჯზე, კორუფციის ხარჯზე მოიპოვა და შემდეგ გადაუხადა კონკრეტულ ლობისტებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული ურთიერთობები არასდროს  ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც დღეს არის.

“რამდენიმე თვის წინ სკანდალური ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან” IRI-ის ბორდის ვიცეპრეზიდენტს ფული აქვს აღებული და ბუნებრივია, ასეთი თანხები თავის შედეგს იძლევა, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დიდი. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში, შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. დაახლოებით 2 კვირის წინ მან განაცხადა, რომ ქართულ – ამერიკული ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი, როგორიც დღეს არის. ეს ნათელს ჰფენს ყველაფერს, დანარჩენი არის ლობისტების დამსახურებით ჩაწერილი ფრაზები საკმაოდ დაბალი რანგის დოკუმენტში, რომელიც გუშინ იყო წარმოდგენილი. ბუნებრივია, ეს ვერ გააფუჭებს და ვერანაირ ხინჯს ვერ შეიტანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” არ იყენებს მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა”, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მთელი ამ წლების განმავლობაში.

„ჩვენი მუშაობის შედეგები ძალიან კარგად ჩანს ოფიციალურ დოკუმენტებში და ოფიციალური განცხადებებში, რომელსაც ავრცელებენ დასავლური ინსტიტუტები. თითოეული ეს განცხადება კი არის „ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები